“დღეს ჩვენ ვიხილეთ ძვირადღირებული, ცივი ღონისძიება მდიდრულ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანებითა და დაბურულშუშებიან შავი ჯიპებით”

მე, გიორგი ვაშაძე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ჩემს გუნდთან ერთად ვივლი კარდაკარ, სოფელ-სოფელ, რათა ხალხს შევთავაზოთ აღმშენებლობის და ქვეყნის გადარჩენის, განვითარების რეალური გეგმა, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აშკარა გახადა, რომ ივანიშვილი და პარტია მოწყვეტილია რეალობას.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციის სახით დღეს ჩვენ ვიხილეთ მორიგი მასკარადი, ფუჭი და ცრუ დაპირებების ახალი ტალღა. იგივე სახეებითა და იგივე პათოსით. მინდა, ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, ეს არ არის ქართული ოცნება, ეს არის დამსხვრეული ოცნებების გამომხატველი ძალა. უკანასკნელი რვა წლის მანძილზე ვერ დავასახელებთ თუნდაც ერთ დაპირებას, რომელიც მათ გასცეს და შეასრულეს. ახდენილი ოცნებების ნაცვლად, მათ ქვეყანას, ახალგაზრდებს, პენსიონერებს, ფერმერებს, ვისაც ამის სჯეროდათ, მოუტანეს იმედგაცრუება, უიმედობა, უმუშევრობა და სიღარიბე. დღეს ჩვენ ვიხილეთ ძვირადღირებული, ცივი ღონისძიება მდიდრულ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანებითა და დაბურულშუშებიან შავი ჯიპებით. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა არ იქნება მხოლოდ შეცდომა, ეს იქნება დანაშაული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის პირობებში, საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა ექვსი მილიარდიდან 19 მილიარდამდე, სამუშაო ძალა შემცირდა 100 000 ადამიანით, შემცირდა შობადობა, განქორწინება გაიზარდა, გაზრდილია კრიმინალი, არ დარჩენილა მიმართულება, სადაც არ გაუარესებულა მაჩვენებლები.

„მე, გიორგი ვაშაძე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ჩემს გუნდთან ერთად ვივლით კარდაკარ, სოფელ-სოფელ, რათა ხალხს შევთავაზოთ აღმშენებლობისა და ქვეყნის გადარჩენის, განვითარების რეალური გეგმა. მე და ჩემი გუნდი გთავაზობთ არა ფუჭ და ყალბ ოცნებებს, არამედ კონკრეტულ გეგმას, რომელზეც წლების განმავლობაში, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ. ჩვენ ვიცით თქვენი პრობლემები, ვიცით როგორ დავამარცხოთ სიღარიბე, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა და როგორ დავუბრუნოთ სიამაყე საქართველოს, მის თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი-კიდევ ერთხელ დადასტურდა ძველი ქართული სიბრძნე, რომ „არ განემართების ძაღლის კუდი და არცა კირჩხიბი მართლად ვლის“
შემდეგი სტატიადღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური ღონისძიებები, რომლებზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანი იქნება