„დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას” – სულხან სალაძე

„დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას,“ – ამის შესახებ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ლევან ჯიბღაშვილის საქმეს ეხმაურება.

მესამე სექტორის აზრით, არაერთი შემთხვევა არსებობს, როცა მცირე ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ, ამა თუ იმ პირისთვის სასამართლოს წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა ან დიდი ოდენობით გირაოს თანხის გადახდა დაეკისრებინა.

იმის გათვალისწინებით, რომ ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის იზოლატორი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს შერჩევით სამართალთან.

„ამაზე არავინ არ ვკამათობთ, რადგანაც საკმაოდ დიდი უფლებამოსილება რჩება პროკურატურას, მკაფიო ხედვა არ არსებობს საკანონმდებლო დონეზე, ასევე საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არის განწყობა, რომ არსებული პოლიტიკა არ უნდა იყოს ისეთი მკაცრი, როგორიც არის, მაგრამ თუ ეს იქნება ინდივიდუალურ შემთხვევებში და არა ზოგადად ყველას მიმართ, ცხადია, ეს იქნება კრიტიკის საგანი,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალი გაასაჯაროვა, რომელიც ლევან ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოიღეს. ავტომობილიდან ამოღებულია კოკაინი, ექსტაზი და მარიხუანა.

banner
წინა სტატიაშილაშა იორდანიშვილი – სიცრუეა, თითქოს ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მდინარე დაშრება
შემდეგი სტატიამარნეულში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო