დღეს, 1-ელ ივლისს, ძალაში სრულად შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

დღეს, 1-ელ ივლისს, ძალაში სრულად შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რის წყალობითაც დგება თვისებრივად ახალი ეპოქა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, ეს ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი – ზოგჯერ მტკივნეული – ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთი მხრივ, მოსახლეობა დაინახავს, რომ ევროპულ არჩევანს ხელშესახები სარგებელი მოაქვს. მეორე მხრივ კი, დაუბრკოლებელი კავშირები საზოგადოებებს შორის დიდ წვლილს შეიტანს ევროპული ღირებულებებისა და იდეების გაზიარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„სწორედ ამიტომ, გამოვთქვამთ იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გვაძლევს სტიმულს, მივაღწიოთ ქვეყნის მოდერნიზაციას და შეუქცევადი გავხადოთ დემოკრატიული განვითარების პროცესი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეუთო-მ არათუ ვერ შეძლო, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუგრძელა