დღეიდან საქართველოსა და უკრაინას შორის საჰაერო მიმოსვლა განახლდა

ავიაკომპანიები Ukraine International Airlines (UIA) და SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია Ukraine International Airlines-მა პირველი რეისი კიევი – თბილისი – კიევის მიმართულებით უკვე შეასრულა.

„დღეიდან საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა. ავიაკომპანია Ukraine International Airlines-მა პირველი რეისი კიევი – თბილისი – კიევის მიმართულებით უკვე შეასრულა.

ავიაკომპანია SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იფრენს, ხოლო ავიაკომპანია Ukraine International Airlines – ასევე 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს. მგზავრებს არსებული სასაზღვრო და სანიტარული რეგულაციების გათვალისწინებით გადაიყვანენ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: ე.წ. პარლამენტის სია, რომელიც ძალიან მალე ზათქით ჩამოიწევა და დაინგრევა
შემდეგი სტატიაკანონი არ დამირღვევია – ეთერ ჯაფარიძე