დღეიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგა

დღეიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგა. შესაბამისი გადაწყეტილების შესახებ 27 ივნისს კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ამასთან, დღეიდან იხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა.

რესტორნები დღეიდან შესაბამისი რეკომენაციების დაცვით იმუშავებენ.

კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.

რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.

დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.

დოკუმენტის თანახმად, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

რაც შეეხება მენიუს, რეკომენდირებულია, რომ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ იქნას შეთავაზებული, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.

ცნობისთვის, ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები ქვეყანაში 1-ელი ივნისიდან ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლო სამ დღეში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ორი მოზარდი