დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპს იწყებს. პროცესი 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს (იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: mes.gov.ge).

განათლების სამინისტროს ცნობით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო, მეოთხე ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას; ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა შემდეგია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

იხილეთ საჯარო სკოლების ელექტრონული ფოსტების მისამართები

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა : აშშ-მ დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს