დღეიდან ძალაში შედის ოცნების მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო მოხელეებს ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება ეკრძალებათ

დღეიდან ძალაში შედის ოცნების მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო მოხელეებს ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება ეკრძალებათ. ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შევიდა.

საჯარო სექტორში დასაქმებულებს გამონაკლისის სახით, პარალელურად შეეძლებათ სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სპორტული საქმიანობისა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობის განხორციელება, რისთვისაც ხელმძღვანელის თანხმობა დასჭირდებათ.

კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, პარალელურად ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც მაქსიმუმ 1 წლის ვადა აქვს, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება ასევე ხელმძღვანელის წერილობით თანხმობას საჭიროებს, რომელიც გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით.

ამასთან, საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს არ შეუძლია პარალელურად დასაქმდეს საჯარო სექტორში, გარდა გამონაკლისებისა, რომელსაც მთავრობის დადგენილება საზღვრავს კონკრეტული სფეროების მიხედვით. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა ხელმძღვანელის მაქსიმუმ 1-წლიანი ნებართვა.

სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში დასაქმებულებს სხვა (კერძო თუ საჯარო) საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობისთვის ნებართვა დასჭირდებათ.

თუ საჯარო მოსამსახურე ამ მოთხოვნებს დაარღვევს, ის გათავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან. მას გათავისუფლების დღიდან 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში. ამასთან, მას ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულებების ბიუჯეტების სასარგებლოდ, დაკავებული თანამდებობების დატოვების ვალდებულების წარმოშობიდან გათავისუფლებამდე პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიამადურომ პუტინს რამდენიმე ავიაგამანადგურებლის, „სუ 30“-ის აღდგენის თხოვნით მიმართა