დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
„მნიშვნელოვანია, რომ სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 2025 წელს, სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 13 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, შესყიდვის პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

















