დევნილთა სააგენტო: ჩანგელიების ხუთსულიან ოჯახს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადასცეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 20, 2020 17:14

დევნილთა სააგენტო:  ჩანგელიების ხუთსულიან ოჯახს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადასცეს

დევნილთა სააგენტო აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, ჩანგელიების ხუთსულიან ოჯახს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადასცეს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით.

დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების ხუთსულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა. დევნილ ოჯახს, მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით.

ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ბინა გადავეცით.

ზუგდიდში, სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და სამ შვილს, მათ შორის რვა წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა მანიპულირებენ. რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული.

ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ამიტომ, ვთხოვთ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გადაამოწმონ ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, განსაკუთრებით ისეთ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა არასრულწლოვანისა და დევნილი ოჯახის ღია ცის ქვეშ დატოვება, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“,- აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 20, 2020 17:14