დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების შესახებ განაცხადის შევსება იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერეს.

სერვისის იუსტიციის სახლში დანერგვის შემდეგ, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ განაცხადები საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალში გააკეთონ. ამ დრომდე, ეს მომსახურება დევნილთა სამინისტროს მხოლოდ 3 ტერიტორიულ ერთეულში: თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იყო შესაძლებელი.

იუსტიციის სახლის ახალი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს ან/და ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი სტიქიური უბედურების გამო დაზიანდა, სახიფათოა საცხოვრებლად და ოჯახი ექვემდებარება გადაადგილებას. იუსტიციის სახლში გაკეთებული განაცხადით, ეკომიგრანტ ოჯახს შეუძლია ალტერნატიული საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება მოითხოვოს. მიღებული განაცხადი შემდგომი განხილვისთვის დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაეგზავნება.

საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროში არსებული ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია იღებს. საცხოვრებელ ადგილსა და სახლს სტიქიით დაზარალებული ოჯახი თავისი სურვილის მიხედვით ირჩევს. სახლის ღირებულება 25 000 ლარს არ უნდა აღემატება.

იუსტიციის სახლსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლომ ცხადყო, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი – კინწურაშვილი “რუსთავი2”-ის საქმეზე
შემდეგი სტატიადღეს მე ვიცავ ისეთ რუსთავი2-ს, როგორიც ის არის დღეს – გიორგი რუხაძე