დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ბინები გადაეცა

დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გადასცეს.

დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა მიიღო დაპირება, რომ საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და ზუგდიდში, უახლოეს მომავალში, უპირობოდ მიიღებენ.

„დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, რადგან წელს დევნილთა სააგენტოს მხრიდან დანერგილი იქნა ახალი ინიციატივა , რომლის ფარგლებში ჩვენ საშუალება გვეძლევა, ვეტერან დევნილ მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ და გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, მეტი ხელმისაწვდომობის საშუალებით მათ გადავცეთ საცხოვრებელი ბინები. მინდა, მადლობა გადავუხადო დევნილთა სააგენტოს ამ ინიციატივისთვის. 60 დევნილი ვეტერანი ოჯახისთვის ხელმისაწვდომი ხდება ქუთაისში ახალი საცხოვრებელი სახლი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისნისტრის განმარტებით, პროექტი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება.

„წლის ბოლომდე სააგენტოს გეგმაში აქვს, დამატებით 100 ოჯახს, ვეტერანებს საქართველოს მასშტაბით გადასცეს ბინები. ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო შესაბამისად დაუდგეს მხარში მათ, ვისაც აქვთ ნამდვილად დიდი ამაგი საზოგადოებაში და ქვეყნისთვის, რომლებმაც იბრძოლეს საქარათველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ძალიან ბევრს საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვთ ოჯახის წევრების სახითაც. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ღვაწლისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში, 26 წლის ქართველი ახალგაზრდა წყალდიდობას ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას პატიმრობა მიესაჯა -განაჩენს ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა