დეველოპერებმა ერთ წელიწადში 34 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადეს

34 მილიონი ლარი ერთი წლის განმავლობაში – ამ თანხის გადახდა დეველოპერებს შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მოუწიათ. აღნიშნულ ნორმებზე დედაქალაქის მერმა დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. მერიაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმები ამოქმედებულია, თუმცა მათი აღსრულება სათანადოდ არ ხდება.

„ჩვენ არ გვაქვს ნაკლებობა უსაფრთხოების ნორმების. არსებობს ტექნიკური ინსტრუქციები დამტკიცებული ცენტრალური ხელისუფლების მიერ, მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული, რომელიც განსაზღვრავს, როგორც სამშენებლო პროცესებში უსაფრთხოების ნორმებს, ასევე ცალკე დადგენილებაა, რომელიც არეგულირებს სიმაღლეზე მუშაობის წესებს. ცხადია, რომ ეს უნდა შესრულდეს და იმასაც ვხედავთ, რომ შედეგებიდან გამომდინარე, რომ არასაკმარისია შესრულების ხარისხი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა, სამშენებლო დარღვევები მაქვს მხედველობაში, არის 34 მილიონი ლარი,“- განაცხადა თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ძალაში ერთდროულად ბევრი რეგულაცია შევიდა და ყველას შესრულება რთულია.

ბიზნეს ომბუდსმენმა ირაკლი ლიქვინაძემ ის საკითხები ჩამოთვალა, რომელზეც მხარეებს განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ.

„ არის რიგი საკითხები სადაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს რაღაც განსხვავებული პოზიციები რიგ თემებთან მიმართებაში, კანონთან დაკავშირებით. აი, მაგალითად, თუნდაც ერთი საკითხი, რაც ჩვენთან არის აქტუალური არის ის, რომ მაგალითად, ამ ეტაპზე ინსპექტირება ეხება მომატებული საფრთხის მქონე კომპანიებს და სექტემბრიდან ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე, მაგალითად, ჩვენ ვთვლით, რომ სექტემბერიც არ არის ის ვადა, რომელიც ეს შეიძლება გავრცელდეს ყველაზე და ამ ნაწილში შეიძლება არსებობდეს კიდევ გარკვეული გონივრული დრო. ასევე, ჩვენთან არის დასმული საკითხი, რომელიც უკავშირდება იგივე სახელმწიფო ტენდერებში გარკვეული ისეთი მუხლის გაჩენას, რომელიც გარკვეულ ხარჯების კომპონენტს გააჩენს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით,“- განაცხადა ლიქვინაძემ.

მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ახალ რეგულაციებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც კომპანიები ვალდებულები იქნებიან შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ჰყავდეთ. ბიზნეს ომბუდსმენის თქმით, მათი რაოდენობა საკმარისი არ არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის სპეციალისტები გადაამზადოს.

banner
წინა სტატიაშისიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა – თინათინ ბოკუჩავა მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს
შემდეგი სტატია„Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ,,საქართველოს რკინიგზა” სამგზავრო მატარებლებს ამატებს