“დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე და ნეგატიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე”

ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება და თითოეულმა პასუხისმგებლიანმა, ნებისმიერი პოზიციისა და სტატუსის მქონე პოლიტიკოსმა ეს უნდა გაითვალისწინოს – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ყველაზე სენსიტიური ეკონომიკური ინდიკატორი

არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ეროვნული ვალუტის კურსი. მასში, როგორც ნერვთა დაბოლოებაში, თავს იყრის ყველა ის ქმედება და მოლოდინები, რაც საზოგადოებაში ღიად თუ ლატენტურად მიმდინარეობს.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებები რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე, ქმნის უარყოფით მოლოდინებს და ამ გზით ნეგატიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე.

სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება და თითოეულმა პასუხისმგებლიანმა, ნებისმიერი პოზიციისა და სტატუსის მქონე პოლიტიკოსმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

-მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულად მოქმედება კურსის სტაბილიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი პირობა და მოცემულობაა. აღსანიშნავია, რომ ნეგატიური მოლოდინების გაჩენამდე, გარკვეულ პერიოდში კურსი დასტაბილურდა და გამყარებაც დაიწყო. სიმშვიდე, პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო აუცილებელი პირობაა ლარის მდგრადობისა და გამყარებისათვის. შესაბამისად, დღესაც არსებობს ყველანაირი საფუძველი ლარის კურსი გამყარებისათვის​ შესაბამისი ბერკეტების გამოყენებით.

მრავლისმეტყველია, რომ დღეს უკვე, როცა სტაბილურობის კალაპოტს დაუბრუნდა ქვეყანაში ვითარება, ლარის კომერციული კურსი გამყარებისკენ წავიდა.

ქართული ანდაზა ამბობს, შეძახილმა ხე გაახმოო და საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური კლიმატი და დემარშები პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს და იმავდროულად, სენსიტიური ინდიკატორის – ქართული ლარის კურსსა და საერთაშორისო რეპუტაციაზე“, – წერს სოსო არჩვაძე.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე-რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს და დროულად გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
შემდეგი სტატიაპაატა ცაავა ეხებოდა პატრიარქს და უყვიროდა – მეუფე ნიკოლოზი