23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

Der Spiegel: თურქეთში NATO-ს სამიტის დაწყებამდე, საჰაერო განგაშის სიგნალი იყო ჩართული, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გაშვებულმა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია

გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ანკარაში NATO-ს სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მთელ თურქეთში საჰაერო განგაშის სიგნალი იყო ჩართული, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გაშვებულმა რუსულმა საზენიტო რაკეტამ გამოიწვია.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე, NATO-ს სარადიოლოკაციო სათვალთვალო სისტემებმა დააფიქსირეს მაღალსიჩქარიანი ობიექტი, რომელიც საქართველოდან თურქეთის საჰაერო სივრცის მიმართულებით მიემართებოდა.
პოტენციური საფრთხის გამო, თურქეთის მალათიის პროვინციაში განთავსებული ბუნდესვერის Patriot-ის საზენიტო სარაკეტო ბატარეა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი.

თავდაპირველად სამხედროებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ობიექტი შესაძლოა ბალისტიკური რაკეტა ყოფილიყო. ამ დროს NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები ალიანსის ყოველწლიურ სამიტზე დასასწრებად ანკარაში ჩასასვლელად უკვე ემზადებოდნენ. რაკეტა შავი ზღვის აკვატორიაში ჩავარდა.

შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა, რომ განგაში გამოიწვია რუსულმა საზენიტო რაკეტამ, რომელმაც კურსს გადაუხვია არაღიარებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გაშვების შემდეგ. უშუალო საფრთხის არარსებობის მიუხედავად, ინციდენტმა NATO-ს მოკავშირეებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ალიანსი ასეთ ინციდენტებს თავის საგარეო საზღვრებზე დამატებით რისკ-ფაქტორად განიხილავს, რადგან საჰაერო სივრცის ნებისმიერმა დარღვევამ შესაძლოა რუსეთსა და NATO-ს ქვეყნებს შორის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილეს
შემდეგი სტატიაBloomberg: გერმანიისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ბაქოში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს