დეპუტატმა წილოსანმა “ფეისბუქ პოსტი” წაშალა

უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის “ფეისბუქ” გვერდზე მისი პოსტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, აღარ იძებნება. წილოსანმა აქციას სასაცილო და სამარცხვინო უწოდა. მოგვიანებით კი ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მიესალმება მშვიდობიან მანიფესტაციებს, თუმცა დემონსტრაციებით ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს:
“ვაფასებ და დემოკრატიულ პროცესად მივიჩნევ სამოქალაქო აქტივიზმს და მშვიდობიან მანიფესტაციებს, რაც ცივილიზებულ ქვეყანაში რიგითი მოქალაქისთვის თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვის ფორმაა და არა – არჩევნების ალტერნატივა.
დემონსტრაციებით ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა უკან გადადგმული ნაბიჯია.
მსგავს მეთოდებზე ჩვენ 2012 -ში უკვე ვთქვით უარი და ცივილიზებული გზით ავირჩიეთ ხელისუფლება.
დრო, როცა აგორა – ქალაქის ცენტრში გამართული სახალხო კრება განიხილავდა და წყვეტდა საკითხებს, სადაც ყველას ხმა ვერ იქნებოდა გაგონილი, განვლილი ეტაპია. საქართველოში, 1990 წლიდან მოყოლებული, დღემდე, ხელისუფლება სამჯერ შეიცვალა:
ერთხელ სამოქალაქო ომის (ზვიად გამსახურდიას პერიოდი) , მეორედ – ვარდების რევოლუციის (2003 წელი) და მესამედ – არჩევნების ანუ დემოკრატიის გზით (2012 წლის საპარლამენტო არჩევნები).
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყანამ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი.
ეს არჩევნები იყო განვითარების ახალი ეტაპის მაჩვენებელი, როცა უსისხლოდ, ყოველგვარი ძალადობის და რევოლუციის გარეშე ჩანაცვლდა ერთი ძალა მეორეთი. 2016 წლის არჩევნებით კი ქვეყანამ სერიოზული განაცხადი გააკეთა დემოკრატიაზე.
მაინც, რატომ არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესების წარმართვა არჩევნების გზით, დემოკრატიულად და არა ქუჩაში გამოსვლებით?
ქუჩა ემოციების არენაა და ამ გზით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება ქვეყნის ნაკლებგანვითარებულობაზე მეტყველებს.
როცა საზოგადოება ვერ აცნობიერებს და სათანადოდ ვერ იყენებს თავის ხელთ არსებულ ყველაზე მძლავრ სამართავ ბერკეტს – საარჩევნო ხმას და გადადის ფიზიკურ დაპირისპირებასა თუ ქუჩის მმართველობაზე, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პოლიტიკაზე ახდენს არსებით გავლენას და მთელი მსოფლიოსთვის მიუღებელია.
დღეს თუ სურათს ფართე ჭრილში შევხედავთ, გავიხსენებთ, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარების საბაბით გაკეთებულ ქაოსურ მოწოდებებზე აყოლა დიდი მავნებლობაა სრულიად ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ქუჩის მმართველობაზე გადასვლა კი – არასწორი მოქმედება და სახიფათო პოლიტიკური თამაში ხალხის წინააღმდეგ.
მოქალაქეობრივი კულტურა ერთ-ერთი მთავარი პირობაა დემოკრატიის განვითარებისთვის.
შესაძლოა ბევრს არჩევნებისა და დემოკრატიის კავშირზე არ უფიქრია, მაგრამ ქვეყანაში რევოლუციების დრო რომ უნდა დამთავრდეს, ამაზე ჩვენთან, გურიაში, უკვე რახანია საუბრობენ.” წერს “ქართული ოცნების” წევრი, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.

banner
წინა სტატიაში“ყველანი ერთად ვიდგებით, სანამ არ იქნებიან ის ადამიანები დასჯილი” – მალხაზ მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატია1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში