დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომების გაცდენის მაჩვენებელი , 2015 წლის მდგომარეობით გაზრდილია

2015 წლის მდგომარეობით, დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომების გაცდენის მაჩვენებელი გაზრდილია.
ამას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებული ანგარიში ადასტურებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ასახავს.

ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს პარლამენტის წევრებმა საპატიო მიზეზით სხდომა 2199 შემთხვევაში გააცდინეს, მათ შორის ოჯახური მდგომარეობის მიზეზით 1442 გაცდენას ჰქონდა ადგილი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 65-ით არის გაზრდილი.

ანგარიში მოიცავს პარლამენტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, კომიტეტებისა და ცალკული დეპუტატების საქმიანობის შეფასებას.

დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების პერიოდში პარლამენტმა მიიღო 490 კანონი, მათ შორის, 326 მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი, 1601 დადგენილება, ასევე რატიფიცირებული იქნა 49 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია.

2015 წელს პრეზიდენტმა ერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება, როცა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.
2015 წელს პარლამენტში ჩატარდა 65 პლენარული სხდომა, მათ შორის, 19 რიგგარეშე სხდომა, ასევე, კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა 7 სხდომა. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა პარლამენტის ბიუროს 129 სხდომა და კომიტეტების 668 სხდომა. ამავე დოკუმენტით 2015 წელს სამივლინებო ხარჯებზე დაიხარჯა 1 513 385.63 ლარი. მივლინებაში იყო პარლამენტის 98 წევრი.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო, დღეს ფესტივალი არტგენის მეორე საკონცერტო დღე აღარ გაიმართება
შემდეგი სტატიაქვემო ქართლისა და სამეგრელოს შემდეგ ეროვნული არქივი იმერეთში აშენდება