დეპუტატები, რომლებიც ახალ სიაში ვერ შევლენ, სავარაუდოდ, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმდებიან

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად განუცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებისას, საპარლამენტო სიაში ყველანი არ იქნებიან, მაგრამ გუნდიდან არც ერთი მათგანი არ გაირიყება, – ამის თაობაზე “ინტერპრესნიუსს” ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა დეპუტატმა განუცხადა, რომელიც გუშინ, საგურამოში, გურამიშვილების მარანში, “ქართული ოცნების” წევრების საახალწლო კორპორატიული შეკრების მონაწილე იყო. მისი თქმით, ეს იყო ის ერთადერთი პოლიტიკური განცხადება, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე გაკეთდა. “ბიძინა ივანიშვილმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ყველანი მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდიდან გაირიყება. საუბარია იმაზე, რომ ის დეპუტატები, რომლებიც საპარლამენტო სიაში ვერ შევლენ, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმდებიან”, – ამბობს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი. დეპუტატები შეხვედრაზე მეუღლეებთან ერთად მივიდნენ. სუფრას პარლამენტის წევრი თემურ ჭკუასელი თამადობდა. ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად ძველით ახალი წელი აღნიშნეს. გურამიშვილების მარანში იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ახალი წლის შეხვედრაში ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გარდა, უმრავლესობის არც ერთი სხვა ფრაქციის წევრი არ ესწრებოდა, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/362143-qqarthuli-ocnebisq-deputatebi-romlebic-akhal-saparlamento-siashi-ver-shevlen-savaraudod-skhvadaskhva-samthavrobo-struqturashi-dasaqmdebian.html

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება ამაყად ვატაროთ ქართული დროშა
შემდეგი სტატია“ყველანი იქ დავრჩებით, სადაც ვართ,”- შესაძლო საკადრო ცვლილებებს მთავრობაში არ ადასტურებენ