სამოქალაქო აქტივისტმა დენის კულანინმა საქართველო დატოვა. იგი ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კულანინს რუსეთში არ გააძევებდნენ და სასამართლომ მას საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
დენის კულანინი გასულ წელს „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილის დაზიანებას ედავებოდნენ, რის გამოც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
კულანინი იმ პირთა შორის მოხვდა, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 აგვისტოს შეიწყალა. ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა, მათ შორის საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 პირი, რომლებმაც მას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.
აქციების კონტექსტში შეწყალებულ პირებს შორის, დენის კულანინთან ერთად, არიან: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.








