დემურ სტურუას დედა დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდას, დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა დაკითხვაზეა დაბარებული.

შოთაძე ნონა ჯოჯუას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მედიისგან შეიტყო.

“აღნიშნული განცხადება მასმედიის საშუალებით მოვისმინე. გამოძიება დასრულებული არ არის, გრძელდება და არის წინასწარი გამოძიების ეტაპზე. აუცილებლად მოხდება დაზარალებულის დაკითხვა, მის მიერ დღეს საჯაოდ გაცხადებული ფაქტების ირგვლივ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეს წერილი არ არის დაწერილი გარდაცვლილის მიერ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეზე ჩატარებულია ექსპერტიზა, უტყუარად მინდა გითხრათ, რომ ეს წერილი დაწერილია გარდაცვლილის მიერ”, – განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება იძულებით დაწერას, შოთაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი განცხადებების ნამდვილობის საფუძველი არ არსებობს.

“ჩატარებულია გამოძიების მიერ, არაერთი საგამოძიებო მოქმედება, არსებობს საქმეზე ბრალდებული. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, დღევანდელი განცხადება არ დასტურდება, თუმცა ჩვენ შევეხმიანეთ დაზარალებულ მხარეს. ის დაბარებულია და დაიკითხება”, – განაცხადა შოთაძემ.

სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდას, დემურ სტურუას დედას ეჭვი აქვს, რომ საქმეზე დაკავებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე შესაძლოა, დამნაშავე არ იყოს. ნონა ჯოჯუას კითხვები აქვს მიმდინარე გამოძიებასთან. მისი თქმით, უმიზეზოდ ხდება სასამართლო პროცესების გადადება იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებები არ არის.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის მიმალვაში იმყოფებოდა, მოგვიანებით თევზაძე სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.

გოდერძი თევზაძეს სამართალდამცველები 2 კვირის განმავლობაში ეძებდნენ. 13 სექტემბერს, ის პროკურატურაში თავად გამოცხადდა და აღნიშნა, რომ ვიდრე მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდება, ის მშრალ შიმშილობაზე იქნება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: მე ვრჩები ამ გუნდში
შემდეგი სტატიაუილიამ ლაჰიუ : თავდაცვის მინისტერიალი წევრ ქვეყნებზე იყო ფოკუსირებული, შესაბამისად, პარტნიორი ქვეყნები არ იყვნენ მიწვეული