“დემოკრატიული მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ცუდი არ არის, რომ დიდი ხნით ადრე ცხადდება არჩევნების თარიღი.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარტიისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, თუ 28 ოქტომბერს.

“ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები ინტენსიურად ავრცელებენ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომდა ხან იმას და ხან ამას ვუერთდებით. ეს კეთდება მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოსახლეობა დაიბნეს”,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განმარტებით, “დემოკრატიული მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.

“მზად ვართ, მათ შორის მაჟორიტარებთან დაკავშირებითაც – ჩვენ ძალიან სერიოზული კანდიდატები გვეყოლება. მე გულწრფელად გეტყვით, რომ შესაძლოა, ყველა რაიონში ერთნაირად ღირსეული მაჟორიტარის წარდგენა ვერ შევძლოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქცენტს უმეტეს რაიონზე გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ და წარმოვადგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატურებს, ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველგან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ყოფილ პრემიერთან, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი “დემოკრატიულ მოძრაობასთან” რატომ იქნა ნახსენები, მისთვის გაუგებარია.

“არანაირი კავშირი და შეხება, ჩვენ არ შეიძება გვქონდეს ირაკლი ღარიბაშვილთან და არც არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ჩვენ ამ ეტაპზე ვემზადებით დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ნამდვილად გვაქვს იმისი ძალა, რომ ყველა რაიონში როგორც მაჟორიტარების დონეზე, ასევე ბუნებრივია, პარტიული ხმებისათვის ძალიან სერიოზულად ვიბრძოლოთ, ეს იცის ხელისუფლებამაც, ეს იცის სხვა ოპოზიციურმა ძალებლაც და ჩვენ ძალიან სერიოზული შედეგების მოლოდინში ვართ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპანამის დოკუმენტები და ქართული ტელემედია
შემდეგი სტატიაისრაელმა ალცაიმერის დაავადებაზე გამარჯვების შესახებ განაცხადა