სტრასბურგში, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტარებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება პოზიტიურ გავლენას არ ახდენს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. თარგმანს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
“როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, გადალახეთ პოლარიზაცია და დაიწყეთ მუშაობა განსაზღვრული 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაზე, რადგან შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ბევრი დრო არ არის დარჩენილი ოქტომბრამდე, როდესაც ანგარიში გამოქვეყნდება. მე ვიცი, რომ ყველა პრიორიტეტი არ არის შესრულებული და ამასთანავე, გვესმის ახალი ამბავი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, გვესმის სიახლეები, რომ რუსულ ფრენებს იღებს თბილისი, თუ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, მიმდინარე ვითარება გამოწვევებით სავსეა. გთხოვთ, რომ დასხედით ერთად და შეასრულეთ ვალდებულებების თქვენი ნაწილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, გქონდეთ პოზიტიური ანგარიშის იმედი. […] მივიღე განმარტება, რომ კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის სავარაუდო დარღვევა იყო. მე არ ვიცი საქართველოს კონსტიტუცია, სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ პუნქტებს მნიშვნელობა არ აქვს, მე უფრო დიდ სურათს ვუყურებ, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობენ, ამას პოზიტიური გავლენა არ აქვს”, – თქვა კალიურანდმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით.
ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ არის თემები, რომელიც დემონსტრაციულია და კრიტიკულია ევროპელების დარწმუნება, რომ საქართველო არსებითად სწორ გზას ადგას, როდესაც საქმე დემოკრატიულ რეფორმებსა და სახელმწიფოში კანონის უზენაესობას ეხება.
“ამ საკითხების მიმართ ბევრი შეკითხვებია და ეს შეკითხვები იზრდება. მაგალითად, უკან გაწვეული საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. აგენტების შესახებ, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელსაც ევროპაში ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი იყო, ჩემი აზრით, ესენია ყველაზე თვალშისაცემი მოვლენები”, – აღნიშნა მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით.
მისი თქმით, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურს ქართველ ხალხს ევროპასთან დაახლოება და ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს სტატუსის განახლებასთან დაკავშირებით დამყარებული იქნება ყველა, პოლიტიკურ და ტექნიკურ ფაქტორებზე, იქნება ეს პოლიტიკურ განვითარებაზე თუ დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესი.