დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი-დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ბავშვთა უფლებების სერიოზული დარღვევებია

 

ახალგორში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარმა არაერთმა საგანგაშო ინციდენტმა და დე ფაქტო მთავრობის აუდიტმა ბავშვთა უფლებების სერიოზული დარღვევები გამოავლინა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბავშვთა დაწესებულებებში ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მიღებული საგანგაშო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს.

ბოლო თვეების განმავლობაში, გამოქვეყნდა ანგარიშები, რომლებიც დეტალურად აღწერს ახალგორის ბავშვთა სახლში არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. ბავშვთა სახლის დირექტორის, ილას ბეჟანოვის წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავს გამოცდილი პერსონალის სისტემატურ დაშინებას, მტრული სამუშაო გარემოს შექმნას, ალკოჰოლის ხშირ მოხმარებას ბავშვების საცხოვრებელ ტერიტორიაზე,  არასრულწლოვანი გოგონების მიმართ არასათანადო ქცევას, არასრულწლოვანებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ეს ბრალდებები დადასტურებულია თვითმხილველთა ჩვენებებით და გამოძიებით.

ბავშვთა კეთილდღეობის უგულებელყოფის და მათ მიმართ ძალადობის შესახებ განსაკუთრებით საგანგაშო ცნობები ბოლო სამი თვის მონაცემებშია ასახული. გავრცელებული ინფორმაციით, მაისში, ბავშვთა სახლის ექთანმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შეურაცხყო 9 წლის ბავშვი. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ცნობა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ექთნის მხრიდან ავადმყოფ ბავშვზე ძალადობის შესახებ. ქალბატონი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები არ შემწყდარა. ივნისში, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, თავშესაფრის დირექტორის, ილას ბეჟანოვის მიერ არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ახალი ფაქტები გამოააშკარავა. დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და 7 ივლისს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალგორის ბავშვთა სახლში ნამდვილად ჰქონდა ადგილი „განათლების მიუღებელი მეთოდების“ გამოყენებას.

ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ გავრცელებულ საჯარო ვიდეომიმართვებში ბრალდებებს უარყოფს და ბინძურ პოლიტიკურ კამპანიად წარმოჩენას.  საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ მეარაყიშვილის მიმართ, რომელმაც ბავშვთა მიმართ ძალადობა გამოავლინა, ვრცელდება მუქარისა და შეურაცხმყოფის შემცველი შეტყობინებები.

ბავშვთა დაცვის სისტემაში ბრალდებების სერიოზულობისა და ძალადობის ოფიციალური დადასტურების მიუხედავად, დირექტორი ბეჟანოვი კვლავ ბავშვთა სახლის დირექტორის პოზიციაზე რჩება. დე ფაქტო ხელისუფლების ცდილობს დააკნინოს ან უგულებელყოს ბავშვთა ზრუნვის სისტემაში არსებული ინციდენტები, რაც ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრის თომას ჯიგკაევის ქმედებითაც დასტურდება, როდესაც პერსონალს აუკრძალა არ გაემჟღავნებინათ ბეჟანოვის მიერ რესტორანში მიღებული საეჭვო დაზიანებების ფაქტი. საგანგაშოა ასევე იმ აქტივისტების შევიწროებისა და დაშინების შემთხვევები, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ღიად საუბრობენ. ეს ყოველივე მეტყველებს დე ფაქტო მმართველობის არაეფექტიანობასა და ბავშვის ინტერესების პრიორიტეტულობის უგულებელყოფაზე.

არსებული ფაქტები ცხადად წარმოაჩენს ახალგორში ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზულ დარღვევებს. ბავშვთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიუცემლობით, დე ფაქტო მმართველობა სახიფათო გარემოს ქმნის ადამიანთა, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.

მნიშვნელოვანია, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ასევე ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა პლატფორმაზე მოხდეს მკაფიო მოწოდება:

  • დაიწყოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბავშვთა ზრუნვის სისტემაში არსებული ძალადობრივი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ბავშვზე ძალადობასა და ბავშვთა ზრუნვის სისტემის განზრახ არასათანადო ადმინისტრირებაში მონაწილეობდა.
  • დაინერგოს ძლიერი საზედამხედველო მექანიზმები ზრუნვის ქვეშ მყოფი ყველა ბავშვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მსხვერპლთათვის საჭირო მხარდაჭერისა და დაცვის უზრუნველსაყოფად
  • დე ფაქტო ხელისუფლებამ უზრუნველყოს ყველ სამოქალაქო აქტივისტის და ძალადობის თვითმხილველების დაცვა,- ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავცელებს.

 

 

 

banner
წინა სტატიაშითბილისში 2 600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა