დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტის სხდომა გაიმართა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა საკომიტეტო სხდომების ფორმატში გრძელდება.

დღეს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა საერთო კომიტეტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარემ, იზაბელ სანტოშმა, სერბი დელეგატის, გორდან კომიჩის მოხსენება გააცნო, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა.

მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი და ორგანიზაცია არ უნდა იყოს პასიურ პოზიციაზე.

“თუ ჩვენ ღია, კონსტრუქციულ დიალოგს გავაგრძელებთ, გაცილებით უკეთეს შედეგებამდე მივალთ. ეუთო არ უნდა შეჩერდეს წარსულ წარმატებებზე. ჩვენი მხრიდან გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს ყველა იმ გამოწვევის მოსაგვარებლად, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს, მით უფრო ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მიმართულებით.“ – აღნიშნა იზაბელ სანტოშმა.

სერბი დელეგატის, გორდან კომიჩის მოხსენებაში ყურადღება ბოლო დროს მასობრივი მიგრანტებისთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის ფაქტებზე და გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით ადამიანის უსაფრთხოებასთან მიმართებაში მიდგომების შემუშავების აუცილებლობაზეა გამახვილებული.

მომხსენებელმა ეუთოს მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ უფლებრივი და ფიზიკური ბარიერების შექმნა, ძალადობისგან თავდასაღწევად და თავის საშველად გადაადგილებული ადამიანების გზაზე და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ დევნილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ინტეგრირება შრომის ბაზარზე და გაითვალისწინონ ქალთა მოთხოვნები ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით, მიგრაციის სფეროში.

ძირითადი მოხსენების წარდგენის შემდეგ, კომიტეტის სხდომაზე დებატები გაიმართა.
დელეგატებმა ერთმნიშვნელოვანად აღნიშნეს,რომ იზიარებენ დემოკრატიის საერთო პრინციპებს და ღირებულებებს
ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით. მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით კი დაბალანსებულ პოლიტიკასა და მიდგომას ემხრობიან.

დებატებში მონაწილეობა მიიღეს და პოზიცია დაფიქსირეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა.

თედო ჯაფარიძე თვლის, რომ ეს ორგანიზაციის წარმატებული მოღვაწეობის ერთერთი საფუძველი იქნება.

“მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ამ მიმართულებით. მე ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ახსოვს ტანკები, განადგურებული ოჯახები, გატაცებული და დახოცილი ადამიანები. მაგრამ ჩვენ მარტო წარსულზე არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავალზეც და უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო გამოცდილება ამ გამოწვევების მოსაგვარებლად“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

გიორგი წერეთელის თქმით, ლტოლვილები და მიგრანტები ჩვენი ქვეყნის პრობლემაცაა.

“ჩვენ ვიცით ამ ადამიანების ტრაგედიის მთელი სიღრმე და მათი პრობლემები. მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას“,- აღნიშნა წერეთელმა.

ხვალ, კომიტეტის სხდომაზე დელეგატები რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, რომელიც 40 პუნქტისგან შედგება.

რეზოლუციებში ცვლილებების შეტანისა და კომიტეტების მიერ მათი მიღების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, 5 ივლისს სესიაზე, კენჭს უყრის თბილისის დეკლარაციას, სადაც შევა უკვე მიღებული რეზოლუციები. თბილისის დეკლარაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 წევრი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირიდან გერმანიაში მიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
შემდეგი სტატიამსჯავრდებული აბიტურიენტები პატრიარქმა დაასაჩუქრა