,,დეკანოზს ესაჭიროება სამედიცინო ჩარევა, რომელიც საქართველოში ვერ მოხერხდება“ – ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დაკავებულ სასულიერო პირს სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება და ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ დეკანოზის მიმართ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული ეს იყო, თუმცა მოსამართლემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და მამალაძე პატიმრობაში დატოვა.

”გვაქვს დოკუმენტაცია, რომ მამა გიორგი მამალაძემ საქართველოში ვერ გაიკეთა ოპერაცია. გადატანილი აქვს ძალიან მძიმე ოპერაცია გულზე, რომელიც გაკეთდა თურქეთში. როდესაც გაუმიზეზდა გულის პრობლემები, გადაყვანილი იყო ჩაფიძის კლინიკაში, ვინაიდან საქართველოს სამედიცინო სისტემაში ამის პრაქტიკა არ არსებობს, დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს მას.

მოსამართლის თვალწინ პროკურორებს დავუსვით კითხვა – არის თუ არა ერთი მოწმე მაინც, რომელზეც შესაძლებელია ბრალდებულს მოეხდინა ზეწოლა. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ თქვა, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და რაც არ უნდა ირონიული იყოს, ეს თქვა იმ მოწმეზე, რომელსაც დაცვა დაჰყვება. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა მამა გიორგიმ გაანადგუროს. მამა გიორგიმ პირდაპირ გამოთქვა მზაობა, რომ ჩააბარებდა ყველანაირ საბუთს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მიიმალებოდა და არ გადაკვეთდა საზღვარს”, – განაცხადა ფანცულაიამ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზი გიორგი მამალაძე მზადაა სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს: ჩვენ სასამართლოში, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს მოსამართლეზე, გავიტანთ ჩვენს სიმართლეს და ვაიძულებთ მოსამართლეს, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ივნისში გაიხსნება
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები ერთხმად დაგმო