დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – უფლებადამცველები მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას ითხოვენ

ე.წ. ციანიდის საქმე – ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მის შეწყალებას ითხოვს. გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასულიერო პირის საპატიმროდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს.

უფლებადამცველები ყურადღებას სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებენ. მათი თქმით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის განკურნება ციხის პირობებში ვერ მოხერხდება.

„დღევანდელი შეწყალების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე არის. 6 თვეზე მეტია, რაც ასე ვთქვათ, მარჯვენა კიდურები გაჩერებული არის და მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს, მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალის და პროფესიონალების პირდაპირი კონსულტაციის შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში, იმიტომ, რომ მას მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება და პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რომ მინიმუმ მას ხელი და ფეხი აუმოძრავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეწყალებულ იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე და ასევე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და ასევე, რა თქმა უნდა, მის წინამძღოლს უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ შეწყალებული იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე,“- განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მის თქმით, ამ დრომდე არ მოხდა სასულიერო პირის შეწყალება. უფლებადამცველს მიაჩნია, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სიმართლის გამჟღავნების ეშინიათ, რომელიც შესაძლოა მსჯავრდებულმა გაასაჯაროვოს.

„როგორც ვატყობ გარკვეული სიმართლის ეშინიათ გარკვეულ პირებს, რომლებიც არიან საპატრიარქოში, არ სურთ, რომ უშუალოდ მამა გიორგისგან გასაჯაროვდეს ის სიმართლე, რა სიმართლესაც შესწირეს მამა გიორგი,“- განაცხადა ადვოკატმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა მის შეწყალებაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიელიზაბეთ რუდი – გვჯერა, ანაკლიის პორტის პროექტი ამერიკული ინვესტიციით უნდა შესრულდეს
შემდეგი სტატიაბახტაძე: შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა