დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – პატრიარქი ვერავის შეიწყალებს

აპატრიარქოში არსებობს განყოფილება, სადაც ხდება ამა თუ იმ პატიმარზე შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანა, დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, ეს საბუთები გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში და შემდეგ უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პატიმრის შეწყალების უფლებამოსილება არ გააჩნია.

„რაც შეეხება წეღან დასმულ კითხვას, რომელიც ეხებოდა ბატონ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას პატრიარქის მხრიდან, როგორც ჩანს, გარკვეულ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. მინდა, განგიმარტოთ, რომ მის უწმინდესობას არ აქვს ასეთი უფლებამოსილება, რომ თვითონ შეიწყალოს. მან უნდა მიმართოს, რა თქმა უნდა, მოქმედ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს. აი, ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა, გამეცა თქვენთვის პასუხი, რომ მის უწმინდესობას, ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია, რომ ექსკლუზიურად შეიწყალოს ვინმე. მაგრამ, მისი შუამდგომლობით, ეკლესიის შუამდგომლობით, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში. მინდა, შეგახსენოთ ისიც, რომ საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება, სადაც ხდება ამა თუ იმ პატიმარზე შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანა. ამ დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, ეს საბუთები გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში და შემდეგ უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როდესაც არის საკითხი პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კითხვაზე, ურჩევს თუ არა სააკაშვილის ოჯახსა და უფლებადამცველებს, რომ საპატრიარქოში შეიტანონ შესაბამისი დოკუმენტები, მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოში შესული ყველა განცხადება არ კმაყოფილდება და გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია იღებს.

„მე არ ვიცი, ამას უფლებადამცველები როგორ გაიგებენ და რას ფიქრობენ ისინი. ყოველ შემთხვევაში, მე მინდოდა, ამის დაზუსტება თქვენთან, რომ როგორც ასეთი, პატრიარქი ვერავის შეიწყალებს, რადგანაც მას ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია. წერილის შემთხვევაში, მინდა, დაგარწმუნოთ, ასეთი წერილები შემოდის ათობით და ასობით, მაგრამ მინდა, ისიც გითხრათ, რომ ყველა წერილი არ კმაყოფილდება, რადგანაც ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ არა მძიმე კატეგორიის პატიმრებთან დაკავშირებით, არამედ მსუბუქ დანაშაულებად რაც ითვლება. მე ვგულისხმობ იმას, რომ საკითხების შემოტანა შეიძლება ასეთ თემებთან დაკავშირებით და ეს იურიდიული კომისია, რომელიც საპატრიარქოში იმყოფება, ასეთ საკითხებს ამუშავებს და შემდეგ შეხედულებისდა მიხედვით, ამას გადაუგზავნიან, რომელსაც ისინი მიიჩნევენ, გადააგზავნიან შესაბამის ინსტანციაში“, – აღნიშნა დეკანოზმა.

კითხვაზე, უნდა განიხილონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როგორც რიგითი პატიმარი, მამა მიქაელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტმაც ისაუბრა.

„როგორც მახსოვს, ამაზე წუხელ პრეზიდენტმაც თქვა, რომ ის განსაკუთრებული პატიმარია. მე არ ვარ ამ სამსახურთან ასე აქტიურ შემხებლობაში. იურიდიული სამსახური თვითონ გააკეთებს ამაზე კომენტარს, თუ ამის აუცილებლობა იქნება“, – დასძინა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციებისა და ხელისუფლებების განცხადებების ფონზე, საპატრიარქოს რა მიაჩნია გამოსავლად, დეკანოზმა აღნიშნა, რომ ეკლესიაც ცოცხალი ორგანიზმია და მის შიგნითაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

„თუ ნახეთ, რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირმაც გააკეთა ასეთი განცხადებები. ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, იქ არიან ადამიანები და ადამიანების რაღაც გარკვეული ჯგუფი ფიქრობს ასე, გარკვეული ჯგუფი ფიქრობს სხვანაირად. ეს ხომ რეალობაა. ამ რეალობას თვალი ხომ უნდა გავუსწოროთ. რა კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კითხვაზე, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია როგორია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ იურიდიულ წიაღსვლებში ვერ შევა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიააუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინაში – გიული ალასანიას მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს