დეკანოზი ილია ჭიღლაძე: უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია სავსებით კანონიკურია

უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო ქიროტონიის ჯაჭვის ფუძემდებელია პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესიის პირველი მეთაური, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესი მიტროპოლიტი დიონისე ვალედინსკი (წმ. გრიგოლ ფერაძის ეპარქიული მღვდელმთავარი).

უნეტარესმა დიონისემ 1932 წელს ლუცკის ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი პოლიკარპე სიკორსკი. 1942 წლის თებერვალში უნეტარეს დიონისეს კურთხევით პოსელსკისა და პინსკის მთავარეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ინოზემცევი, 1942 წლის აგვისტოდან მიტროპოლიტი. გარდაიცვალა დევნილობაში, მიუნხენში 1948 წ.) და მთავარეპისკოპოსმა პოლიკარპემ (სიკორსკი) ჩამოაყალიბეს უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდი, აკურთხეს ორი მღვდელმთავარი (ეპისკოპოსი ნიკანორ აბრამოვიჩი, ეპისკოპოსი იგორ გუბა). იმავე წელს, მიუხედავად გერმანული საოკუპაციო ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლისა, კიევში თითქმის ჩუმად, ხელდასხმულ იქნა ათი ახალი ეპისკოპოსი. ავტოკეფალისტებს შეუერთდა ასევე ხარკოვის ავტოკეფალისტი მიტროპოლიტი თეოფილე (ბულდოვსკი, მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი ეპისკოპოსი). საბოლოო ჯამში ახლადშექმნილ სინოდში 14 მღვდელმთავარი აღმოჩნდა.
სინოდის თავმჯდომარედ დადგენილ იქნა ლუცკისა და კოველსკის მთავარეპისკოპოსი პოლიკარპე (1946 წლიდან მიტროპოლიტი). 1944 წელს უკრაინის ხელახალი საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას, მოახდინა მისი სრული ლიკვიდაცია უკრაინის ტერიტორიაზე. ავტოკეფალისტი მღვდელმთავრები და სამღვდელოების ნაწილი ემიგრაციაში გადაიხვეწნენ და უკრაინულ დიასპორაში გააგრძელეს არსებობა უკრაინული ემიგრანტული ეკლესიის და სინოდის სახით, მსგავსად რუსული ემიგრანტული ეკლესიისა და სინოდის. 1953 წელს მიტრ. პოლიკარპეს გარდაცვალების შემდგომ, 1953-1969 წლებში უკრაინული ემიგრანტული სინოდის პირველიერარქი და თავმჯდომარე გახდა მიტროპოლიტი ნიკანორი (აბრამოვიჩი). მისი საეპისკოპოსო ქიროტონია შესრულებული იყო პინსკში, პოლონეთის მიტროპოლიტ, უნეტარეს დიონისეს კურთხევით. ხელდასხმა ჩიგირინსკის ეპისკოპოსად აღასრულეს პინსკის მთავარეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ინოზემცევი), ლუცკისა და კოველსკის ეპისკოპოსმა პოლიკაპემ (სიკორსკი) და ბრესტის ეპისკოპოსმა გიორგიმ (კორენისტოვი) 1942 წლის 9 თებერვალს. მიტრ. ნიკანორიც 1944 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა.

მიტროპოლიტ ნიკანორის გარდაცვალების შემდგომ, 1969 წლიდან უკრაინული ემიგრანტული სინოდის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მიტროპოლიტი მსტისლავი (სკრიპნიკი). მიტრ. მსტისლავი 1942 წლის 14 მაისს იკურთხა პერეიასლავსკის ეპისკოპოსად მთავარეპისკოპოს პოლიკაპრეს მიერ. 1944 წლიდან იძულებით ემიგრაციაშია, 1947-1950 წლებში იყო ვინიპეგისა და კანადის უკრაინული ეპარქიის არქიეპიკოპოსია. 1950 წლიდან მეუფე მსტისლავი ამერიკის უკრაინული ემიგრანტული ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ვიკარია, ხოლო 1971 წლიდან ამ ეპარქიის მმართველი მღვდლმთავარი. მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგობის მიუხედავად, 1990 წელს კიევში გამართულ ავტოკეფალისტი სამღვდელოების საეკლესიო კრებამ იგი კიევისა და სრულიად უკრინის პატრიარქად აირჩია. ინტრონიზცია შესრულდა კიევის სოფიის კათედრლურ ტაძარში. პატრ. მსტისლავი ამ დროს 93 წლის იყო. იგი ძირითადად კვლავ ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა 1993 წელს. 1992 წელს კივის საპატრიარქოს შეუერთდა კივის მიტროპოლიტი და უკრაინის ეგზარქოსი ფილარეტი (დენისენკო), რომელიც ავტოკეფალიის მოთხოვნის გამო იმხანად მოსკოვის საპატრიარქომ კათედრიდან გადააყენა და დასაჯა.

1990 წლიდან უკრაინული ემიგრანტული ეკლესიის კანადის ეპარქია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შევიდა, ხოლო ამერიკის უკრაინული ეპარქია შიდა ავტონომიის სტატუსით 1995 წელს დაექვემდებარა კონსტანტინოპოლის ტახტს, მსტისლავის მემკვიდრის, მიტროპოლიტ კონსტანტინე ბაგანის დროს. 2012 წელს მიტრ. კონსტანტინე გარდაიცვლა და ეპარქიის მმათველად კონსტანტანტინოპოლის საყდრის მიერ დადგენილია მიტროპოლიტი ანტონი (შერბა).

ამდენად, ფანატიკოს რუსოფილების და იმპერიალისტ რუსების გაავებული და გაანჩხლებული მტკიცება, რომ მათ არ აქვთ სამღვდელო ხელდასხმის მადლი და ჯაჭვი მტკნარი სიცრუეა, ისინი განზრახ თუ უმცრებით ურევენ სრულიად სხვადასხვა დამოუკიდებელ ფაქტებს და აყალბებენ ისტორიას. კერძოდ, 1921-1950 წლებში არსებობდა “სამოსვიატების” (თვითნაკურთხების), იგივე ლიპკოვსკების რელიგიური დაჯგუფება, რომელთა თვითდასახელებაც ასევე იყო “უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია” და მათ არ გააჩნდათ კანონიკურად ხელთდასხმული ეპისკოპატი. ლიპკოვსკების დაჯგუფების ცრუ ეპისკოპატის უკანასკნელი წამომადგენელი “ამერიკის ეპისკოპოსი” იოანე ტეოდოროვიჩი 1951 წელს შეუერთდა კანონიკურ ავტოკეფალურ უკრაინულ ემიგრანტულ სინოდს და ხელახლა იქნა ხელთდასხმული ეპისკოპოსად, თანახმად დიდი რჯულისკანონის განწესებისა. კიდევ ერთი კანონიკური პრობლემა ეხება 1990 წლის ინციდენტს: ავტოკეფალურ ეკლესიას შეერთებულმა მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა ეპისკოპოსმა იოანე ბოდნარჩუკმა, მიტრ. მსტილავთან შეუთანხმებლად, ერთი თვითმარქვია ფსევდოეპისკოპოსის მონაწილეობით (გვარად ჩეკალინი) თვითნებურად აკურთხა ოთხი ახალი ეპისკოპოსი, მაგრამ მიტროპოლიტმა მსტისლავმა ეს ხელთდასხმები ბათილად სცნო და ეპ. ანტონი შარბა (ამჟამად მიტროპოლიტი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსი) მიავლინა უკრაინაში, რათა ახლიდან, კანონიკური წესის დაცვით მომხდაროყო მათი საეპისკოპოსო ქიროტონიები.

ამდენად, მოციქულთა პირველი კანონი, რომელიც ეპისკოპოსის ხლდასასხმლად მოითხოვს მინიმუმ ორ ეპისკოპოსის შეთანხმებას და თანამონაწილეობას, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპატში ისტორიულად დაცულია, შესაბამისად, მათში უწყვეტად არის სამოციქულო მემკვიდრობის ჯაჭვი.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
24.12.2018

ფოტოზე: ეპისკოპოსი ილია (აწ საქართვლოს პატრიარქი) და კიევის მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო).

 

banner
წინა სტატიაშირუსთავში სამი ადამიანი დაჭრეს
შემდეგი სტატიასამტრედიის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა