დეკანოზი ილია ჭიღლაძე-კვლავ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიის და კანონიკური საფუძვლების შესახებ

თანამედროვე უკრაინის, ბელორუსიის და რუსეთის ტერიტორიაზე 988 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ თავისი ომოფორის ქვეშ დააფუძნა კიევის მიტროპოლია, ანუ სამიტროპილიტო, რომელიც კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა საუკუნეების მანძილზე და კონსტანტინოპილის პატრიარქები აკურთხებდნენ კიევის მიტროპილიტებს ვიდრე 1685 წლმდე, როდესაც რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლების უკანონო და ძალისმიერი ქმედებით ეს სამიტროპოლიტო მიითვისა იმ ხანად ერთი საუკუნის დაარსებულმა მოსკოვის საპატრიარქომ. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიონისეს სიგელი რომლითაც მოსკოვის პატრიარქს ეძლეოდა კიევის მიტროპოლიტის კურთხევის უფლება, მოსკოვის საპატრიარქოს მიერ კიევის საყდრის დე-ფაქტო მითვისებიდან ერთი წლის შემდგომ დაიწერა და მოსკოვის პატრიარქს იმ პირობით ანიჭებდა კიევის მიტროპოლიტის კურთხევის უფლებას, თუ ეს უკანასკნელი წირვა-ლოცვაში გააგრძელებდა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებას. ეს მოთხოვნა უგულვებელყოფილ იქნა და არ შესრულდა მოსკოვის მიერ დადგენილ კიევის მიტროპოლიტთგან, რადგან მათ დაიწყეს მოხსენიება მოსკოვის პატრიარქებისა. ისიც ხაზგასასმელია, რომ კონსტანტინოპოლის კუთვნილი კიევის მიტროპოლიისგან 1461 წელს თვითნებურად და ანტიკანონიკურად მოხდა მოსკოვის მიტროპოლიის გამოყოფა-ჩამოყალიბება, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს თვითგამოცხადებულ ავტოკეფალიას წარმოადგენდა და მხოლოდ 1589 წელს მიიღო თავისი დედა-ეკლესიისგან, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის დასტური და საპატრიარქო ტიტული. ამდენად, მოსკოვის საპატრიარქო, ანუ რუსეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია თავადაა თვითნებობით და არაკანონიკური გზებით ჩამოყალიბებული მე-15 და მე-16 საუკუნეებში, და კანონიკური სტატუსის მოპოვებისთვის საუკუნეზე მეტი ხანი იბრძოდა. მე-17-18 საუკუნეებში მოსკოვის კათედრა გვევლინება ახალი უკანონობის ჩამდენად: მიიერთა სხვა საპატრიარქოს მიტროპოლია და ეპარქიები უკრაინის ტერიტორიაზე. ამ ქმედებით დაარღვია არა მხოლოდ ეფესოს მესამე მსოფლიო წმინდა კრების საღმრთო მერვე კანონი, არამედ მე-10 საუკუნიდან დაფუძნებული ისტორიული ტრადიცია და წესი.

აღსანიშნავია ასევე შემდგომი ფაქტი: ზოგიერთი რუსოფილის კურიოზული მტკიცება, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია და შესაბამისად ეკლესიაც ერთი უნდა ჰქონდეთო, არავითარ კავშირშია საეკლესიო კანონებთან და ტრადიციასთან, რადგან საეკლესიო მოწყობა ეთნიკურ დაყოფას კი არა, სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციულ მოწყობას მიჰყვება. ერთია ბერძენი ერი, მაგრამ ცალკეა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ცალკე ელადის და კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესიები. ერთი ერი იყო ქართველი ხალხი, მაგრამ შუა საუკუნეებში ორ საკათალიკოსოდ ვიყოფოდით: მცხეთის (ანუ ქართლის) და ბიჭვინთის (ანუ აფხაზეთის); ასევე ერთი ხალხი იყო ბულგარელები, მაგრამ ორი ავტოკეფალური ეკლესია ჰქონდათ მათაც: ტირნოვოსი და ოხრიდის. ამდენად, ეთნიკურობაზე აქცენტირება ყოვლად კურიოზული და არაეკლესიური ფსევდო არგუმენტია, მით უფრო იმ დროს, როდეს დღეს მსოფლიოში არავინ დაობს იმაზე, რომ სხვაა უკრაინელი ერი და სხვაა რუსი ერი, მიუხედვად მათი საერთო წარმოშობისა და ენობრივი და გენეტიკური ნათესაობისა. ეს სასკოლო დონის საცნობარო საკითხია და სავალალოა, რომ ზოგიერთისთვის ამ ელემენტარული საკითხის ახსნა გვიწევს.

რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპატის კანონიკურობის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპატი სათავეს იღებს პოლონეთის მართლმადიდებლი ეკლესიისგან. 1942 წელს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის, უნეტარეს დიონისეს (ვალედინსკი) მიერ დაფუძნდა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია და სინოდი მთავარეპისკოპოს პოლიკარპე სიკორსკის მეთაურობით. 1944 წელს უკრაინის ხელახალი საბჭოთა ოკუპაციის პირობებში საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას, რის გამოც ეპისკოპატი დ სამღვდელოების ნაწილი ემიგრაციაში გადაიხვეწა, ზუსტად ისე, როგორც 1918-1919 წლებში რუსული სამღვდელოების და ეპისკოპატის სოლიდური ნაწილი ემიგრირდა და დაარსდა “რუსული ემიგრანტული ეკლესია”. ემიგრანტული უკრაინული სინოდი არსებობას განაგრძობდა ამერიკა-კანადასა და ევროპაში. ეს ეპარქიები 1990-1995 წლებში კონსტანტინოპოლმა თავის იურისდიციაში მიიღო, შესაბამისად მათი კანონიკურობის საკითხი ეჭვს არ იწვევს, ზუსტად ისევე, როგორც 2007 წელს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ შეერთებული ემიგრანტული რუსული ეკლესიისა, რომელთანაც მანამდე, ათწლეულების მანძილზე უმძიმესი დაპირისპურება და განხეთქილება ჰქონდა მოსკოვის საპატრიარქოს. სწორედ უკრაინული ემიგრანტული სინოდის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ მსტისლავის (სკრიპნიკი) მიერ დაფუძნდა 1990 წელს კიევის საპატრიარქო და მისი სინოდი, მათი საეპისკოპოსო ქიროტონიის ჯაჭვის კანონიკურობა ისტორიული რეალობაა, ამ კურთხევის ხაზის მატარებელია მიტროპოლიტი მაკარი (მალეტიჩი). ზოგიერთი თავისი უსწავლელობის, თუ განზრახულობის გამო ცდილობს ეს ეკლესია და იერარქია აურიოს სრულიად სხვა რელიგირ დაჯგუფებაში, რომელიც ოფიციალურად იგივე სახელს (უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია) ატარებდა, მაგრამ სრულიად სხვა ორგანიზაცია იყო, ესაა ლიპკოვსკების, ანუ სამოსვიატების (თვითნაკურთხების) დაჯგუფება, რომლებმაც 1921 წელს კიევში “აკურთხეს” “ეპისკოპოსები” მღვდლების საშუალებით. მაგრამ სამოსვიატების დაჯგუფებამ არსებობა შეწყვიტა 1950 წელს. და მათი იერარქია გაუქმებულია. როდესაც ხდება ფაქტების არევა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, ეს არ ემსახურება ქრისტეს ეკლესიის აღშენებას, რადგან “სიცრუის მამა ეშმაკია”. რაც შეეხება უკრაინის ყოფილი ეგზარქოსის, მიტრ. ფილარეტს (დენისენკო), რომელიც 1992 წელს შეუერთდა კიევის საპატრიარქოს და 1995 წელს არჩეულ იქნა კიევის რიგით მესამე პატრიარქად, მართალია იგი ყველა საეკლესიო სასჯელით დასაჯა მოსკოვის საპატრიარომ, მაგრამ ეს სასჯლები შურისძიებით იყო ნაკარნახევი და არა კანონიკური პროცედურებით. აქვე შევნიშნავ, რომ მისი უნათლავად გამოცხადება ერთი მქადაგებლის მიერ, არის მკრეხელური და ანტიკანონიკური გამონათქვამი: წმინდა ნათლობა იწოდება აღუტეხელ ბეჭედად და მას ვერაფერი აუქმებს, მათ შორის ვერც ანათემა. ეკლესიის ისტორიას ახსოვს უმრავი დადებული და გაუქმებული განკვეთა და ანათემა. უამრავჯერ მომხდარა სქიზმატთა და განხეთქილების მოქმედთა მიღება იმავე ხარისხით, რაც მათ ჰქონდათ, როდესაც ხელდასხმის ჯაჭვი უწყვეტი იყო. შორს რომ არ წავიდეთ, თავად მოსკოვის საპატრიარქომ 1945 წელს მასობრივად შეიერთა გრეკო-კათოლიკური სამღვდელოება დასავლეთ უკრაინაში ყოველგვარი ხელახალი ხელდასხმის გარეშე. ამდენად კონსტანტინოპოლის მიერ ამა წლის სექტემბრის თვეში მიღებული განჩინება უკრაინის ავტოკეფალისტი სამღვდლოების მიმართ თუ ვინმეს არ უნდა გაუკვირდეს, პირველ რიგში მოსკოვის საპატრიარქო გახლავთ. მაგრამ ძნელია იმ ადგილობრივ ეკლესიას მოსთხოვო ობიექტურობა, ვინც საუკუნეზე მეტი ხანი მიითვისა საქართველოს ეკლესია, ხოლო შემდგომ ავტოკეფლიააღდგენილ საქართველოს საპატრიარქოს სქიზმატურად და უმადლოდ აცხადებდა 1917-1943 წლებში.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
2.01.2019

banner
წინა სტატიაშიფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატია„ოცნების“ „ზონდერების“ მორიგი მსვერპლი – ენმ-ს წევრს ლევან ქანაშვილს სასიკვდილოდ სცემეს!