დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ერთადერთ გამოსავლად ვხედავ გაფართოებული საეკლესიო კრების მოწვევას

უმძიმეს დროში გვიწევს არსებობა, როდესაც მღვდელმთავრების ნაწილი უკვე ორი წელია საჯაროდ თავს ესხმიან ერთმანეთს და შეურაცხყოფენ, რწმენა განსაცდელშია, ეკლესია ირყევა.

ერთადერთ გამოსავლად ვხედავ გაფართოებული საეკლესიო კრების მოწვევას და ყველა არსებული პრობლემის პირუთვნელად გადაჭრას, სხვა შემთხვევაში უკვე განახევრებული ტაძრები მხოლოდ მღვდლების ამარაღა დარჩება. ბოლომდე ნუ დავანგრევთ ისედაც უკვე ძლიერად შერყეულ რწმენას ხალხში. ჩვენი რწმენა არც პატრიარქის უპირობო ავტორიტეტს ემყარება, არც ბრმა მორჩილებას, არამედ ცხოვრებაში რეალიზებულ სახარებას (და არა ოქროს ყდაში ინვენტარად ქცეულ წიგნ სახარებას) და საეკლესიო კანონებს.

მე მოვუწოდებ საქართველოს ეკლესიის ყოველ წევრს, როგორც საეროებს, ისე სასულიეროებს, განსაკუთრებით მაღალ იერარქიას, განიმსჭვალონ ამ იდეით. დამღუპველი იყო 1995 წლის საეკლესიო კრების განჩინება, რომელმაც საეკლესიო გაფართოებული კრების მოწვევა პრაქტიკულად გააუქმა (მხოლოდ ახალი პატრიარქის, ან ახალი მართვა-გამგეობის დებულების შემთხვევაში დაუშვა). საქართველოს ეკლესიის 1917 წლის დებულებით კი გაფართოებული საეკლესიო კრება ყოველ ორწლიწადში უნდა მოწვეულიყო, სადაც საანგარიშო მოხსენებით წარდგებოდნენ ეკლესიის (ანუ ქრისტეს კრებულის) წინაშე კათალიკოსი და ეპისკოპოსები, ასევე განხილული იქნებოდა ყველა არსებული პრობლემა. პრობლემათა მიჩქმალვა და სინოდის ფიქტიური შეკრებები, სადაც წინასწარ არ ეუწყებათ სინოდის წევრებს დღის წესრიგი, ეკლესიის პრობლემებზე თვალის არიდება, იწვევს ეკლესიის სხეულის დაავადებას.

ეკლესია არავისი კერძო საკუთრება არაა, არამედ არის საერთო კუთვნილება და ეკლესიის ყოველი წევრი პასუხისმგებელია მასზე. ნუ დავანგრევთ იმას, რაც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ორმოცი წელი აშენა! უნდა გავაცნობიეროთ, რომ უშეცდომო არავინაა, არც პატრიარქი, მაგრამ ეკლესიის დანარჩენ წევრებს უნდა გვეყოს სათანადო პასუხისმგებლობა და სადღეგრძელოების, თუ ლანძღვის უკიდურესობებს მოვეშვათ, მივუბრუნდეთ დიდი სჯულისკნონის მოთხოვნებს და “ფოლკლორულ ქრისტიანობას” შევეშვათ.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
30.12.2018

banner
წინა სტატიაშიილია მეორის კურთხევით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, თევზით ხსნილი იქნება
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში წარჩინებული მასწავლებლები და მედალოსან კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს