დეკანოზი ილია ჭიღლაძე – ანტიოქიის პატრიარქის ქმედება და განცხადება კიდევ ერთი მეტყველი მოწმეა საქართველოს საპატრიარქოს უსუსურობის

“სამი დღის წინ დამასკოში ანტიოქიის პატრიარქის ქმედება და განცხადება კიდევ ერთი მეტყველი მოწმეა საქართველოს საპატრიარქოს უსუსურობისა და უავტორიტეტობისა მსოფლიო საეკლესიო სამყაროში. ბოლო წლებში იერუსალიმის და სერბეთის პატრიარქების მიერ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერების მიღების შემდგომ, ახლა ანტიოქიის პატრიარქმა მიიღო თვით დეფაქტო პრეზიდენტი ბჟანია და სრული აღიარება და მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოს პატრიარქს არანაირი კოლეგიალური, ახლო და მეგობრული ურთიერთობა არ აქვს ანტიოქიის პატრიარქთან: ილია მეორის პატრიარქობაში პირველად და უკანასკნელად ანტიოქიის პატრიარქი საქართველოს 1981 წელს ეწვია ერთდღიანი ვიზიტით, რუსეთში მყოფმა ეგნატე მეოთხემ თბილისშიც შემოიარა, ამის მერე ის აღარასოდეს ჩამოსულა საქართველოში (გარდ. 2012 წელს), ხოლო მისი მემკვიდრე პატრიარქი, იოანე მეათე საერთოდ არაა საქართველოში ნამყოფი. როგორც მახსოვს, პატრიარქი ილია მეორეც არასოდეს ყოფილა ანტიოქიის საპატრიარქოში სტუმრად. ესე იგი ურთიერთობები პრაქტიკულად არ არსებობს, სახეზე გვაქვს ურთიერთობათა სრული კრახი და გაუცხოება ორ უძველეს მართლმადიდებლურ ისტორიულ ეკლესიას შორის. ანტიოქიის პატრიარქებს ისტორიულად ფეოდალურ ხანაშიც მიუყენებიათ არაერთი შეურაცხყოფა საქართველოს ეკლესიისათვის, შიდა საეკლესიო სივრცეში შემოჭრის მცდელობებით, ავტოკეფალიის ეჭვქვეშ დაყენებით, ეს ცალკე თემაა. ანტიოქიის პატრიარქები ბოლო საუკუნეებში ჩამოყალიბებული თავიანთ ე.წ. სრული ტიტულატურაში თავს უწოდებენ ივერიის პატრიარქს, ხოლო საქართველოს საპატრიარქომ არაფერი იღონა ამ სამარცხვინო ტრადიციის მოსაშლელად, რაც განსაკუთრებით შესაძლებელი იყო 1990 წლიდან, როდესაც კონსტანტინოპილის მსოფლიო საყდარმა აღიარა ჩვენი უძველესი ავტოკეფალია და საპატრიარქო სტატუსი. მაგრამ საქართველოს საპატრიარქომ არც ეს ტომოსი, არც კონსტანტინოპოლის მხარდაჭერა და დიდი ძალაუფლება არ გამოიყენა საიმისოდ, რომ ეიძულებინა გათავხედებული ანტიოქიის ამბიციური არაბული საპატრიარქო ფეოდალურ პერიოდში ჩამოყალიბებული მისი ამბიციები საქართველოს საეკლესიო ფლობაზე, ახლა მაინც გაექარწყლებინა და უარეყო. ანტიოქიის პატრიარქის განცხადება აფხაზეთის სეპარატისტ ფსევდო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასადმი, რომ მზადაა აფხაზეთს შიდასაეკლესიო საჭიროებებში დაეხმაროს, ესაა პირდაპირი კანონიკური შემოჭრა ანტიოქიის პატრიარქისა საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე.

გასათვალსწინებელია, რომ ანტიოქიის პატრიარქი, დიქტატორ ასადის მსახურია, ორივე ერთად კი რუსეთის მონაა. ასადის სირიის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხ. ოსეთის აღიარებაც და ანტიოქიის პატრიარქის მიერ იგივე ქმედების გამოხატულება არის რუსული სცენარი. რუსეთის და მისი მონების შემაკავებელი ერთადერძი ძალა საეკლესიო კუთხით, ესაა მსოფლიო საპატრიარქო. ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს კონსტანტინოპოლელის მიერ ორი კვირის წინანდელი პროქართული, ანტისეპარატისტული ინტერვიუს პასუხია სწორედ ამ დღეებში ანტიოქიური ცირკის გათამაშება მოსკოვის მიერ დამასკოში. მსოფლიო მართლმადიდებლობაში მოსკოვის მიერ სტალინის მიერ წამოწყებული იდეოლოგიური საეკლესიო ომი მოსკოვის მიერ კონსტანტინოპოლისთვის პირველობის და ძალაუფლების წასართმევად დღემდე გრძელდება და ეს იდეოლოგიური ომი ახალ ფაზაში შევიდა 2016 წლიდან, როდესაც მოსკოვმა და მისმა სატელიტმა ეკლესიებმა ანტიოქიამ, საქართველომ, ბულგარეთმა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის მიერ მოწვეული კრეტის დიდი და წმინდა საერთომართლმადიდებლური საეკლესიო კრების ბოიკოტირება და ჩაშლა სცადა. ამ მსოფლიო შიდამართლმადიდებლურ საეკლესიო ომში საქართველოს საპატრიარქო მუდმივად თამაშობს რუსულ სცენარს კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც მოღალატეობრივი, ანტიქართული და პრორუსული ქმედებანი საქართველოს დღევანდელი საპატრიარქოსი.
სამი დღე გავიდა ანტიოქიის პატრიარქის მიერ საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის ტერიტორიული მთლიანობის ოფიციალური, საჯარო ხელყოფისაგან და საქართველოს ზაგორსკულ-ვლადიკავკაზური, კაპიტულანტური, სტალინისტური წითელი საპატრიარქო დუმს და ხმას არ იღებს, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა ამ ინსტიტუციის უსუსურობის, ანტიქართულობის, არაკვალიფიციურობის, უვარგისობის, გახრწნისა და დეგრადაციისა” – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიMicrosoft-ი 2022 წლიდან Internet Explorer-ის მხარდაჭერას შეწყვეტს
შემდეგი სტატიაავარიით დასრულდა ბოლო ზარის აღნიშვნა ფახულანში