დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ამ რთულ და საშიშ პერიოდში ჩვენ ვხედავთ ემოციებზე და საკითხის უცოდინრობაზე გათვლილ პოლიტიკურ ბინძურ ფარსს პროფესიონალი კარტოგრაფების წინააღმდეგ

საუბედუროდ, კავკასიისთვის ამ რთულ და საშიშ პერიოდში ჩვენ ვხედავთ ემოციებზე და საკითხის უცოდინრობაზე გათვლილ პოლიტიკურ ბინძურ ფარსს პროფესიონალი კარტოგრაფების წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი არის ისრის მიმართვა მ. სააკაშვილის და პარტია ნაციონალური მოძრაობისადმი, რათა ამით შეძლონ საარჩევნოდ მათი პარალიზება და დამარცხება. ამავე დროს ეს პროცესი არის საქართველოს სახელმწიფოსათვის სამარცხვინო და დამაკნინებელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, უპირველესად აზერბაიჯანის წინაშე, რომელიც მხოლოდ დაგვცინებს და კიდევ უფრო გამედურდება.

მოსკოვის წყალობით 1921-1922 წლებში საზღვარი ისე გაატარეს, რომ გარეჯის უდაბნო და მისი უძველესი ქართული მონასტრები ორად გაიყო: წმ. თამარ მეფის და მეფე გიორგი ლაშას მიერ გამოკვეთილი და მოხატული ბერთუბნის მონასტერი რამდენიმე კოლომეტრით სიღმეში აღმოჩნდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ და უდაბნოს ქვაბოვანი მონასტერი-აღდგომის ეკლესია სამარტვილოთი-ჩიჩხიტურის მონასტერი ზედ გამყოფ ხაზზე მოექცა. საინტერესო დოკუმენტია ბატონ ჯ. პატიაშვილის ინტერვიუ თუ, როგორ ცდილობდა ის 1980-იან წლებში ბაქოსთან მორიგებას, რომ საძოვრებზე გაეცვალა ბერთუბნის მონასტერი საქართველოს სასარგებლოდ და ვერაფერს მიაღწია. ერთი რუკა (1936 წ., ისიც არაზუსტი, ხარვეზიანი) თუ ჩიჩხიტურ-აღდგომა-უდაბნოს ჩვენსკენ უჩვენებს, იმავე საბჭოთა პერიოდის უამრავი სხვა რუკა საპირისპიროს ამბობს. ესაა სტალინური მემკვიდრეობის რეალობა, და მისი დაბრალება პოლიტიკურ ოპონენტებისთვის, სამარცხვინოა! ოცი ან ათი წლის წინ სად იდგნენ მესაზღვრეები, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საზღვრის მიმდინარე დელიმიტაცია-დემარკაცია მიმდინარეობს საბჭოთა პერიოდის სასაზღვრო დოკუმენტებით, და არა იმის მიხედვით სად იდგა და პატრულირებდა სასაზღვრო პოლიცია 20-25 წლის უკან. ასეა განსაზღვრული კონსტიტუციურ დონეზეც და საერთაშორისო სამართლით, რომ ყოფილი საბჭოთა რეპუბლიკების საზღვრები 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებული მდგომარეობით დგინდება და რჩება, ხოლო შესაძლო და სასურველი ცვლილებები კი მხოლოდ სახელმწიფოთა ორმხრივი შეთანხმებით შეიძლება მოხდეს.

სამწუხაროა, რომ ალიევების აზერბაჯანი ეწევა იდეოლოგიურ დივერსიას საქართველოს წინააღმდეგ და ცდილობს გაავრცელოს აბსურდული აზრი, რომ გარეჯის მონასტრები და მთელი კახეთი ისტორიული კავკასიის ალბანეთის ნაწილია და ალბანურია, რომ ასევე ალბანურია საინგილო-ჰერეთის ქართული მოსახლეობა და ეკლესიები, ხოლო თავად აზერბაიჯანი ძველი ალბანეთის ისტორიული მემკვიდრეა. ასევე ქვემო ქართლის აზერებში უკანასკნელ ოც წელიწადში მასობრივად გავრცელდა აზრი, რომ
ქვემო ქართლის უძველესი ქართული ეკლესიები ალბანურია, ანუ მათი “წინაპრების” აგებულია, ხოლო ქვ. ქართლი და კახეთი არის ბორჩალო (ანუ აზერბაიჯანული მოდგმის ტომის მიწა-წყალი), ამ სიცრუის ტირაჟირებისათვის შექმნილია რამდენიმე ფ/ბ გვერდი და მათ შორის ერთს 36000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ძირითადად საქართველოს ეთნიკურად აზერი მოსახლეობა.
ეს ყველაფერი აზერბაიჯანის სასკოლო და სხვა პროპაგანდისტულ ლიტერატურაში სისტემატურად ისახება ბოლო 20 წელიწადია, ამას მხარს უჭერს იმპერიალისტური მოსკოვი (როგორც კრემლი, ისე რუსეთის საპატრიარქო, მაგალითად იხ. “პრავასლავნაია ენციკლოპედიის” სტატია “ალბანეთი”, ბაქოს რუსული ეპარქიის ოფიციალური ვებგვერდის საისტორიო სტატია და ა.შ., ამ საკითხებზე უკვე დავწერე რამდენჯერმე ბოლო ორი წლის მანძილზე). საქართველოს ხელისუფლება დუმილით და უსუსურობით შეჰყურებს ამ პროცესს, ქართული საზოგადოება არ ავლენს სათანადო ყურადღებას ამ მიმართულებით, მოდუნებულია და ინფორმაციულ ვაკუუმშია.

ეს სამწუხარო სტალინური მემკვიდრეობა გარეჯში მოსახლეობის ჩაყვანებით, დროშების ფრიალით და მკერდზე მჯიღის ცემით არ გადაწყდება, ალიევს ბევრად მეტის გამოყვანა შეუძლია, თუ საჭიროთ ჩათვალა. საჭიროა ძლიერი და პრინციპული ქართული ხელისუფლების დიპლომატიური მოლაპარაკება-შეთანხმება თავგასულ დიქტატორთან, რომლის უკან თურქეთის და რუსეთის ბნელი იმპერიალისტური გეგმები იმალება. საქართველო ამ ცივ ომში სრულიად მარტო აღმოჩნდება, თუ არ გაამყარა კავშირი დასავლეთის განვითარებულ სამყაროსთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან.

თავისუფლება ბატონ ივერი მელაშვილს და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას!

P.S.
უდაბნო-აღდგომა-ჩიჩხიტურის ანალოგიური პრობლემაა შექმნილი საქართველო-სომხეთის საზღვარზე ხუჯაბის ღვთისმშობლის მე-13 საუკუნის დიდებულ ქართულ სამონასტრო კომპლექსზე, რომელზედაც დიდი დუმილი და ვაკუუმია ჩამოწოლოლილი საქართველოში.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაში“ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის მიერ კანონის უხეშად დარღვევაზე, რაც უთანასწორო საარჩევნო კამპანიის წარმოებას ეხება , მოვითხოვ რეაგირებას”-ანა ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიათამარ ბელქანია სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებს