დეკანოზი ილია ანჩისხატზე: ანჩისხატი არაა მხოლოდ ეკლესიის საკუთრება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის მიერ ანჩისხატის ეკლესიისთვის დაბრუნების თაობაზე პრემიერისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება და წერს, რომ ხატი მხოლოდ ეკლესიის საკუთრება არაა.

“ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ანჩისხატი არაა მხოლოდ ეკლესიის საკუთრება, ის სახელმწიფოს საკუთრება და ეროვნული საუნჯეა, მისი შესაფერისი დაცვის და მუდმივი გამოფენის ადგილად ანჩისხატის დღეს ჩაოხრებული და უსისტემოდ მოწყობილი ეკლესია ვერ გამოდგება, ამასთან დაუშვებელია ეროვნული მუზეუმის კუთვნილი ექსპონატების დაქსასვა და გაფანტვა.

იმისათვის, რათა ანჩისხატის საეკლესიო თაყვანისცემა და პატივის მიგება იყოს აღსრულებული, საკმარისია მისი სათანადო კონსერვაცია-რესტავრაციის შემდგომ, წელიწადში ერთხელ, ანჩისხატობის დღესასწაულზე, 29 აგვისტოს, რომელიც დღეს ნაწილობრივ მივიწყებული და გაუფერებულია, ხდებოდეს მისი საზეიმო ლიტანიით ერთი დღით გადაბრძანება მუზეუმიდან ძალიან ახლო მდებარე ანჩისხატის ეკლესიაში და შესაბამისი საეკლესიო მსახურების და თაყვანისცემის აღვლენა”, – წერს დეკანოზი.

მისივე თქმით, ასეთი მნიშვნელობის საეკლესიო სიწმინდეები ხშირ შემთხვევაში მუდმივად არცაა გამოფენილი ეკლესიებში.

“აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოში, საეპისკოპოსო რეზიდენციებში და ეკლესია-მონასტრებში წლების მანძილზე დაგროვდა (ძირითადად ჩუქება-შეწირულობების წყალობით) მრავალი საეკლესიო სიძველე, ეროვნული ისტორიული საუნჯე: მრავალსაუკუნოვანი ხატები, ჯვრები, სანაწილეები, ბარძიმ-ფეშხუმები, ხელნაწერები, ძველნაბეჭდი წიგნები და სხვა საეკლესიო და საერო სამუზეუმო სიძველეები. ეს ყველაფერი დღეს მეცნიერთათვის მიუწვდომელი და აღურიცხავია, არაა ჩატარებული ფოტოფიქსაცია და კაცმა არ იცის იქიდან რა იკარგება, ან რა ზიანდება, როგორაა დაცული ისინი და საერთოდ: რამდენია და რა არის. მაგალითად, იმის გამო რომ საჯაროდ იყო გამოფენილი ეს ჯვარი, ცნობილი ფაქტია: 2000-იან წლებში ქაშუეთის ტაძრიდან მოპარულ იქნა მე-18 საუკუნის ვერცხლის ქართული წარწერიანი ჯვარი, რომელიც ჩაბრძანებული იყო გუმბათქვეშა სამხრეთ-აღმოსავლეთი სვეტის მარმარილოს სახატე ნიშაში და დღემდე დაკარგულია”, – წერს დეკანოზი.

banner
წინა სტატიაშიცესკოს ახალი თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ მისი არჩევა მაღალი მხარდაჭერით არ მოხდა
შემდეგი სტატიავაშაძე: ღიად გეტყვით, რომ დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს