10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა. ეს პროცესები, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე

x

სიონში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა, ჩვენი ადამიანური შფოთის გარდა. მისი თქმით, ყველა შემთხვევაში ღმერთი იმოქმედებს და მნიშვნელოვანია, რომ „ჩვენ შფოთი არ შემოვიტანოთ.“

„ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით – ეს პროცესები, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე. ფიქრობთ, სინოდი რომ დაიწყება, იხელმძღვანელებს დებულებით, რაც ეკლესიაში არსებობს, მაგრამ არავინ არ ფიქრობს, რომ სინოდი იწყება ლოცვით. ამ ლოცვაში სინოდის წევრები შესთხოვენ ღმერთს, სულიწმინდას, რათა მადლმოსილად, ღმერთის ჩარევით წარიმართოს ეს საქმე.

არის სულიერი მხარე და მაგიტომ არის ხოლმე თხოვნა მრევლისადმი, ტელევიზიებისადმი, რომ გასაგებია ვნებათაღელვა, მაგრამ იქნებ ჩვენი მოთმინებით, ამ ლოცვითი გარემოს არდარღვევით, ყველანი შევეწიოთ, რომ მართლაც ღმერთი იმოქმედებს ყველა შემთხვევაში, უბრალოდ, ჩვენ შფოთი არ შემოვიტანოთ. ღმერთი რომ არ მოქმედებდეს, 1700 წელი ეკლესია ასე მტკიცედ დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდა“, – განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზს კითხვა დაუსვეს პატრიარქის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მან 2017 წელს მიიღო და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.

იაკობ მახნიაშვილის შეფასებით, „მორწმუნე ადამიანისთვის პატრიარქის ქმედება მთელი ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინაში, დასახლებულ პუნქტებს ბალისტიკური რაკეტით და 442 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს
შემდეგი სტატიაირანის ჯანდაცვის სამინისტრო: აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად 230-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა