“მგონია, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში დღემდე ბოლომდე არ დაგვიძლევია ერთი ძველი ცდუნება.
ძალიან ხშირად სახელმწიფო გვესმის არა როგორც სამართლიანი კანონების სივრცე, სადაც განსხვავებულ ადამიანებს ერთად ცხოვრება შეუძლიათ, არამედ როგორც რაღაც „ზეციური წესრიგის“ მიწიერი ანარეკლი, რომელსაც მორჩილება უფრო სჭირდება, ვიდრე კონტროლი და კრიტიკა.
მაგრამ ადამიანთა საზოგადოება სიყვარულით არ იმართება. სიყვარული თავისუფლების ნაყოფია. საზოგადოებრივი ცხოვრება კი სამართლიან კანონებს, პასუხისმგებლობასა და ისეთ ინსტიტუტებს საჭიროებს, რომლებიც ძალაუფლებას ზღუდავენ და არა აღმერთებენ.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობა. არა იმიტომ, რომ კანონი სიყვარულზე მაღალია, არამედ იმიტომ, რომ უსამართლობის პირობებში სიყვარული საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეუძლებელი ხდება.
როდესაც ადამიანს პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო 1,5 წლით თავისუფლებას უსჯი, უკვე ჩნდება კითხვა სამართლიანობის შესახებ.
ხოლო როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და ამას სათანადო ყურადღება არ ექცევა, უკვე ჩნდება კითხვა ჩვენი ადამიანურობის შესახებ.
არ ვიცი, რამდენ ადამიანს ეყოფოდა ამის სათქმელად ძალა იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ელენე ხოშტარია არის.
ელენეს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
მაგრამ რაც დღეს ხდება, მხოლოდ ელენეს ჯანმრთელობის საკითხი აღარ არის. ეს უკვე თითოეული ჩვენგანის კიდევ ერთი გამოცდაა”,_ წერს დეკანოზი გიორგი წეროძე სოციალურ ქსელში.
17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და დაწერა: “ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება”















