საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც საუბარია ქართული ეკლესიის ნაწილის რუსული გავლენების სასარგებლოდ შესაძლო ინსტრუმენტალიზაციაზე. კითხვაზე, თუ რატომ გახდა ეკლესია კრიტიკის სამიზნე, დეკანოზმა განაცხადა:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში, მე ვფიქრობ, რომ ამის დიაგნოზი არის ის რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკითც არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეკლესიისადმი, ეკლესიის ხმისადმი, მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს.“
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია 17 ივნისს მიიღო. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკლესია ქართულ საზოგადოებაში გავლენიან ინსტიტუტად რჩება, თუმცა დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხებად გამოყენების გამო, რაც პროევროპული ორიენტაციის შერყევას ისახავს მიზნად.
ამასთან, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ზოგიერთი სასულიერო პირი შეეწინააღმდეგა ამ პროცესს და ხმამაღლა გამოვიდა როგორც რუსული გავლენის, ისე „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ. დოკუმენტის თანახმად, ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეპარქიები და სამრევლოები ევროკავშირშიც არსებობენ, ეს მიუთითებს ტრანსნაციონალური დეზინფორმაციული მცდელობების მიმართ სიფხიზლის აუცილებლობაზე.















