12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის მამა გაბრიელის სახელის დარქმევა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს. ასეთ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი.

შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს.

ჩანს, ამ ინიციატივის ავტორები ცუდად იცნობენ წმინდა გაბრიელის ცხოვრებას. ამ ფონზე აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს”, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე, რომლის კომენტარსაც „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაია: თორნიკე რაზმაძის მიმართ “ფეისბუქ” კომენტარის გამო საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია
შემდეგი სტატიაComCom-მა “რუსთავი 2” მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა