დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ზიარება არ არის ინფექციისგან თავის დაცვის გარანტია და საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა

„ის, რომ ადამიანი ეზიარება, ეს არ არის გარანტია, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცული. ჩვენ ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეხვდება, ადრე თუ გვიან. მთავარია და სტრატეგია ეს არის ზოგადად ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოსიც და ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ. ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები და თან ვმსახურობთ. ღვთისმსახურება ვიღაცისთვის შესაძლოა, არის მხოლოდ რაღაც რიტუალი, შეიძლება ვიღაცისთვის თამაშია ეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი მნიშვნელობისაც კი არის, ვიდრე ყველა ის საქმიანობა, რასაც ადამიანი აკეთებს. ამას ძალიან ღრმა და სულიერი მნიშვნელობა აქვს. ამ ფორმატში და ფართო საზოგადოებისთვის ძალიან რთულია საეკლესიო საიდუმლოებებზე საუბარი, თუმცა ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში მორწმუნე ადამიანი, რომლისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია მსახურებაში მონაწილეობა, როგორც ჩვეულებრივი, ყოველდღიური საკვების მიღება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

​როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეკლესიაში მისული მრევლი უნდა შეეცადოს დაიცვას საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება.

„ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ დაარღვევს ყველა სხვა უსაფრთხოების წესს და რომ ეზიარება, ეს მისთვის იქნება გარანტია, რომ არ დაავადდება. ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთნაირად მოახერხე ეს ზიარება და მსახურებაზე დგომა, რომ გაითვალისწინო ყველაფერი დანარჩენი. თუ შენ არ მოერიდე დაინფიცირებულ ადამიანს, რომელიც შენს გვერდით არის, ან პირიქით, დაინფიცირებული ადამიანი არ მოერიდა სხვას, მოვიდა ნიღბის გარეშე, დეზინფექცია უგულებელყო, მაშინ, რა თქმა უნდა, დაავირუსებს სხვასაც“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან კოვიდ 19-ით ინფიცირებულ მეორე პაციენტს ორ დღეში გაწერენ
შემდეგი სტატიასაქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება