დეკანოზი – 14 წლამდე ბავშვებში, რომელთა დანაშაულიც სისხლის სამართლის კოდექსით არ რეგულირდება, დანაშაულის წახალისება მოხდა

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე იმსჯელეს. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, 14 წლამდე ბავშვებში დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის წახალისებას უწყობს ხელს.

“ჩვენ ბოლო დროს გვაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვებში, განსაკუთრებით 14 წლამდე ბავშვებში, რომელთა დანაშაულიც სისხლის სამართლის კოდექსით არ რეგულირდება, დანაშაულის წახალისება მოხდა. ვხედავთ, რომ ბავშვები იღუპებიან. ეს დაუსჯელობის სინდრომი ამ დანაშაულებებს ახალისებს. მათ დაუდგებათ ასაკობრივი პერიოდი, როდესაც უკვე მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს ძალიან გვაშინებს, ასეთ ადრეულ ასაკში ასეთი ტენდენცია. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა. მოვიწვიეთ ყველა ის ორგანიზაცია და უწყება, რომელიც მეტ-ნაკლებად ამ პრობლემას ეხება: შსს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგნიზაციებს ველოდებით და გვინდა, რომ კომპეტენტური ხალხისგან მოვისმინოთ სწორი ინფორმაცია”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები შემდგომ სხვა ფორმატებში გაგრძელდება.

“როგორც წესი, ასეთი შეხვედრის შემდგომ, ჩვენ ვაგრძელებთ ხოლმე სხვა ფორმატში უკვე მუშა შეხვედრებს იმისათვის, რომ შეთანხმებული იყოს, ყველას აზრი იყოს გათვალისწინებული და ყველაზე საუკეთესო მოდელი შემუშავდეს”,- განაცხადა დეკანოზმა.

შეხვედრას ესწრებოდა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომლის თქმითაც, 14 წლამდე ბავშვებში დანაშაულებრივი ქმედების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პრევენცია და არა ის, რომ მათი სისხლის სამართლებრივი დასჯა მოხდეს.

“14 წელი რაც არის გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყების ასაკი, ეს საერთაშორისო სტანდარტია. ვფიქრობ, დავარღვევთ ბავშვების უფლებებს თუ ამ სტანდარტს ქვემოთ დავწევთ. ჩვენ ვმუშაობთ ბავშვთა კოდექსზე, სადაც ერთ-ერთი თემა სწორედ ის იქნება, რა სერვისები და ზოგადი პოლიტიკური ხედვა არის საჭირო იმისთვის, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ასეთი შემთხვევები”, – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია კუპრაშვილი – 2015 წელს, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა შეეზღუდა, ამის შემდეგ წავიდა ტელევიზიებში რეკლამის მატების ტენდენცია
შემდეგი სტატია,,ამირან რობაქიძის მკვლელობის ადგილი მთლიანად გაყალბებულია, ვაცხადებ, რომ მეც ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში”