დღეს, 20 თებერვალს, 21წელი შესრულდა საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და უსამართლოდ ნატანჯი სასულიერო პირის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას გარდაცვალებიდან.
მამა რომანოზი ჯერ უმოწყალოდ აწამეს წალენჯიხაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს და დატყვევებული ჰყავდათ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ასევე აწამებდნენ ძლიერ სასტიკი მეთოდებით.
ე.წ. მხედრიონი მამა რომანოზს ცილისმწამებლურად ბრალს სდებდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთათვის იარაღის შენახვას წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში. ბრალდება საბოლოოდ ვერ დაუმტკიცეს და ნატანჯ-ნაგვემი გაათავისუფლეს ცხრამეტი დღის შემდეგ.
მამა რომანოზს ძლიერ შეერყა ჯანმრთელობა, შეეყარა ეპილეფსია და 2005 წლის 20 თებერვალს, 56 წლის ასაკში აღესრულა უეცრად….
დღეს, ორი ათეული წლის შემდეგ, მამა რომანოზის სახელი კვლავ რჩება მეხსიერებაში, როგორც ღირსების, სიმტკიცისა და რწმენის მაგალითი. მისი ტკივილი და მისი დუმილიანი ბრძოლა გვახსენებს, რომ ისტორია მხოლოდ თარიღები არ არის-ისტორია ადამიანების ბედია.
და ზოგჯერ, ყველაზე დიდი სიმართლე სწორედ მათ ტკივილში იწერება, ვინც უსამართლობას საკუთარი სხეულით ატარებს.
















