დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის ზიარების შეჩერებასთან დაკავშირებით “განმარტებას” ავრცელებს.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ ბოლო დრომდე ცნობილი არ იყო ამ საკითხზე მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის პოზიცია, ამიტომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა, პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ, მიტროპოლიტის გადაწყვეტილებამდე, მამალაძეს ზიარება შეუჩერა. 27 ივნისს კი მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ზიარების შეჩერება „სამართლებრივად გაამყარა“.
„საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა.
როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი სამსახურებრივად დაკავშირებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიასთანაც; თუმცა, ვიმეორებთ, იგი რჩებოდა ბათუმისა და ლაზეთის იურისდიქციაში.
ვინაიდან, ამ დრომდე ზიარებასთან მიმართებაში არ იყო ცნობილი მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) პოზიცია, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში გაცხადდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისაგან ხდებოდა საეკლესიო იერარქიისა და სხვა პირების მიმართ ცილისმწამებლური წერილებისა და განცხადებების გაკეთება (რაც “ციანიდის საქმეს” უშუალოდ არ ეხება), ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ, ციხეში დეკანოზთან შესულ სასულიერო პირებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მხრიდან გადაწყევტილების მიღებამდე, თავი შეეკავებინათ მისი ზიარებისგან.
ამა წლის 27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის დროებით ზიარების შეჩერება (დაცადება) მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამართლებრივად გაამყარა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სამღვდელო ხარისხის და ზიარების ჩამორთმევის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. დიმიტრი შიოლაშვილმა ქორეპისკოპოსი იაკობი თვითნებობაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია
შემდეგი სტატიაცესკომ იმ თვითმმართველ ქალაქებში, რომელიც უქმდება, საარჩევნო ოლქები შექმნა