დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოების მოთხოვნით, დაცვის მხარემ პროკურატურას ოფიციალურად მიმართა

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცუალაიას განცხადებით, მამა გიორგის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

როგორც დეკანოზის ადვოკატმა, ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა, ჩვენების ჩამორთმევისას რამდენიმე მნიშვნელოვან გვარზე იყო საუბარი.

„დღეს დილით ადვოკატები მთავარ პროკურატურაში ვიყავით და მამა გიორგი მამალაძის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, განცხადება ჩავაბარეთ. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, მისი დაკითხვა გაგრძელდეს. ვერც ბრალდების მხარე და ვერც მე ვერ დავასახელებთ გვარებს, ვისზეც გუშინ იყო საუბარი, მით უმეტეს, სანამ დაკითხვის პროცესი არ არის დასრულებული. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან გვარზე იყო საუბარი. მამა გიორგის მიერ მიცემული ჩვენებით პოზიტიურად ვართ განწყობილი და იმედია, საქართველოს მთავარი პროკურტურა ბრალის ფორმულირებასთან დაკავშირებით დაფიქრდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ დაკითხვა დღესაც რვა საათის განმავლობაში გაგრძელდეს.

მისი თქმით, მამა გიორგი უსაფრთხოების მიზნით, გარკვეულ შეკითხვებზე პასუხს თავს არიდებს. პროკურატურაში გაგზავნილ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირების შემდეგ კი, აღნიშნულ კითხვებსაც უპასუხებს.

“შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი ბრალდება, რაც ციანიდის საქმესთან და იარღთან დაკავშირებით იყო, მან თავიდან ბოლომდე, რისი მოსწრებაც გუშინ შესაძლებელი იყო, ჩვენებაში განაცხადა. უბრალოდ, მთავარი პროკურატურის მიერ ზოგადი შეკითხვები იყო დასმული, რაზეც თავს იმიტომ იკავებს, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იყოს. როცა საქართველოს პროკურატურისგან მივიღებთ პასუხს, ჩვენ იმ კითხვებსაც ვუპასუხებთ. ეს არ ნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძე უშუალოდ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ არ პასუხობს“, – განაცხადა ფანცულაიამ.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში გუშინ, საგამოძიებო უწყების მიერ რვა საათის განმავლობაში იკითხებოდა.

დღეს მისი დაკითხვა კვლავ განახლდა. პროკურატურის წარმომადგენლები და დეკანოზის ადვოკატები სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის ბოიკოტს ძალაში ტოვებს
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: ჩავთვალე, ღვთისა და სინდისის წინაშე, უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამემაღლებინა