დეკანოიძე: ზუსტად ასე, „ტიტუშკებით“ უსწორდებოდა იანუკოვიჩი თავის ოპონენტებს და პროდასავლურად განწყობილ ადამიანებს

ესაა რუსული მეთოდები – ზუსტად ასე, „ტიტუშკებით“ უსწორდებოდა იანუკოვიჩი თავის ოპონენტებს და პროდასავლურად განწყობილ ადამიანებს, – ასე ეხმიანება პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან კახეთში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, ქვეყანას უმძიმესი წინასაარჩევნო წელი ელოდება.

„რა თქმა უნდა, მთელი ეს ორგანიზებული შეტევა ნათლად დავინახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადებებში, რომელიც პარასკევს ღიად მოუწოდებდა ყველას და წარმოუდგენელი ეპითეტებით ამკობდა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, მთელ ოპოზიციას უწოდებდა არარაობებს, რომ ჩვენ თურმე არ გვაქვს უფლება წარმოვადგენდეთ მოქალაქეების ინტერესებს პარლამენტში და ა.შ.

ეს არის რუსული მეთოდები. ზუსტად ასეთი მეთოდებით, „ტიტუშკებით“ უსწორდებოდა იანუკოვიჩი თავის ოპონენტებს და პროდასავლურად განწყობილ ადამიანებს, ამიტომ ძალიან მძიმეა ასეთი ორგანიზებული დანაშაულის და თავდასხმის ყურება მაშინ, როცა უმძიმესი წელი ელოდება საქართველოს, ეს არის წინასაარჩევნო წელი,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაშირატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ვარდებით არ შეხვდებოდნენ – მაჭარაშვილი საგარეჯოში მომხდარ ძალადობაზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა