დეკანოიძე: თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, მოუწევს ივანიშვილს დათმობაზე წასვლა

region
ავტ.: region ნოემბერი 9, 2020 19:26

დეკანოიძე: თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, მოუწევს ივანიშვილს დათმობაზე წასვლა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ხალხის წინააღმდეგ წასვლას შეეშვას.

როგორც დეკანოიძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ივანიშვილს ჰგონია, რომ ამ გაერთიანებაში ბზარს შეიტანს, თუმცა ეს გამორიცხულია.

“მინდა, ხელისუფლებას მივმართო – შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, შეეშვით რეზინის ტყვიებს, გაზს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდაობა არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერც ერთი ხელისუფლება გაუმკლავდება იმას, როცა შენი მოქალაქეები ითხოვენ თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინაამდეგ მიდიხარ. ნუ ეგონება ივანიშვილს, რომ ის დაარღვევს ერთიანობას, ნუ ეგონება, რომ რაღაც გარკვეულ ბზარს შეიტანს ჩვენში, ან დაგვემუქრება, ან დაგვყოფს, არა, იმიტომ, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, ჩვენი სამშობლო არის ერთი, ყველა ამ სამშობლოს შვილები ვართ და არ ვაპირებთ, რომ ეს სამშობლო დავუთმოთ ივანიშვილს”, – თქვა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილს დათმობაზე წასვლა მოუწევს და საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

“ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, მოუწევს ბიძინა ივანიშვილს დათმობაზე წასვლა, ისევე, როგორს ეს გააკეთა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში და აქ, აი, ამ მოედანზე გაიმარჯვებს ქართველი ხალხი ამაყად, ერთად ყოფნით, ბევრი სირთულით, მაგრამ ეს იქნება ღირსეული გამარჯვება”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

გუშინ, 8 ნოემბერს ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც.

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან “მყისიერი თავდასხმა” ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ.

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა.

დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ.

“შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”, – განაცხადა კობახიძემ მომიტინგეთა დარბევის პარალელურად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

ახლა პარლამენტთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი სირცხვილიას დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება. სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

region
ავტ.: region ნოემბერი 9, 2020 19:26