დეკანოიძე – შარლ მიშელის გეგმა და კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი არ ემთხვევა ერთმანეთს

შარლ მიშელის გეგმა და კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი არ ემთხვევა ერთმანეთს, მასში გამქრალია ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დანიელსონის დოკუმენტში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხიც არასწორხაზოვნად იყო მოცემული.

„დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის იგივე. შარლ მიშელის გეგმა, რომელიც დატოვა საქართველოში მედიაციის დაწყებისთანავე, არ ემთხვევა ამ დოკუმენტს. პრაქტიკულად აქედან გამქრალია ვადამდელი არჩევნები, ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტის ნაწილში არის არასწორხაზოვანი ხედვა. რაც შეეხება დანარჩენ სამ პუნქტს, რა თქმა უნდა, შეგვეძლო შეგვეთანხმებინა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. შესაბამისად, ძალიან მარტივია მიშელის გეგმის ფორმულირება. შეთანხმების ჩარჩოში „5+1 პუნქტი“ ამ ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება ევროპარლამენტარების განცხადებას, დეკანოიძის თქმით, ეს გზავნილი მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც ეხებოდა.

„ეს გაფრთხილება ეხებოდა ასევე ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც დახურა სივრცე და თქვა, რომ ჩვენ არავითარი მოლაპარაკებები, მათ შორის მედიატორების ჩართულობით, აღარ გვჭირდება მაშინ, როდესაც დანიელსონი წავიდა საქართველოდან და რუსი ჟურნალისტები ჩამოდიან. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ვართ სამწუხაროდ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხვალ ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა იგეგმება, სადაც მათ შორის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებულ გზავნილებზე იმსჯელებენ.

„ჩვენი გეგმა არის ის, რასაც ამდენი ხანი მივყვებით, ეს არის ბოიკოტი, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და პროტესტი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 15 მაისს. განსაკუთრებული გეგმა ამ წუთას არ გვაქვს. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. რთულია, მაგრამ მთავარია არ დავიღალოთ და ფრუსტრაცია არ დაგვეუფლოს.

ხვალ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას ვგეგმავთ და ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებულ ძალიან მძიმე გზავნილებზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიიმნაძე – ისეთი ადამიანები კითხულობენ, რა 9-ის შემდეგ კორონა აღარ დადისო? – გაგიკვირდება
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო