პოლიტიკური ჯგუფის „ევროპოტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
როგორც მან აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მიმართულებით საქართველოს კიდევ ერთხელ საბოტაჟს უწყობს.
აღნიშნულის შესახებ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც ისაუბრა გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების: ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის დაკავებაზე.
ხატია დეკანოიძის თქმით, სამივე პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის უმძიმესი მდგომარეობა, კრიმინალური სინდიკატის მიერ მართვა საქართველოს ხელისუფლების და ხელისუფლების ყველა შრის, რომელიც საბოტაჟს უწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით. საკრებულოს წევრები, თბილისის მერის უახლოესი გარემოცვა, მათ შორის ის დეპუტატი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კრიმინალური სამყაროს წევრების, ქურდბაცაცების და ე.წ. კანონიერი ქურდის მეშვეობით შესაძლებელია პოლიტიკური განცხადების გამო სახლთან დახვდეს ადამიანს, გამოგზავნოს მთელი კრიმინალური სინდიკატი და გაუსწორდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარი შრე არის კრიმინალური შრე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დააპატიმრონ „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა, დასაჯონ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკოსებს უსწორდებიან დააპატიმრეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
„გუშინ ჩვენ შსს-ს ორაზროვანი განცხადება ვიხილეთ. ეს ორაზროვანი განცხადება გულისხმობდა შემდეგს, რომ თითქოს ნიკა მელია და კიდევ ორი ადამიანი დაპატიმრებულები არიანი ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ასევე ამ განცხადებას მოჰყვა მეორე განცხადება, რომელიც გულისხმობდა ორგანიზებული ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყებას, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე ორმაგი სტანდარტის გამოყენებას. საქმე გვაქვს რასთან, თუ ხელისუფლებას დასჭირდა და როგორც ჩანს, ის აპირებს კონკრეტულად რომელიმე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ნიკა მელია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ საბოტაჟს უწყობს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით.
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული პირები იმიტომ, რომ თუ ვინმე უნდა დაეკავებინათ ესენი არიან „კლანი“, კახა კალაძის კრიმინალური სინდიკატი, რომელმაც იძალადა დეპუტატზე და სახლში დახვდა ადამიანებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.