დეკანოიძე „ოცნებას“ – ნუ აკეთებთ ინტერპრეტაციას, საერთაშორისო სასამართლოს ნორმების კითხვა ყველამ კარგად იცის

„ნაციონალური მოძრაობის წევრის“, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და დებულებები ინტერპრეტირების საშუალებას არ იძლევა.

დეკანოიძის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლება პასუხისმგებელია, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და მისი ჯანმრთელობის დაცვა.

„დროებითი ნორმის ზოგადი ინტერპრეტირება არ არსებობს სასამართლოს მიხედვით, რომელმაც ძალიან ზუსტად განმარტა შემდეგი დებულებები: პირველი, დაამტკიცა და ფართოდ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს უკვე ორმოცი დღე, რასაც „ქართული ოცნება“ უარყოფდა და ძალიან ჰუმანური, მათ შორის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ევროსასამართლომ მოშიმშილეს მოუწოდოს, შეწყვიტოს შიმშილობა.

მეორე, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით სერიოზული ღონისძიებები განახორციელოს სააკაშვილის მიმართ, რაც გულისხმობს, რომ ციხის საავადმყოფოს, სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს. ზოგადად, ეს დაადასტურა მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანუ „ქართული ოცნებიდან“.

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს, ყოველდღიურად მიაწოდოს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად ტარდება მის მიმართ.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დებულება, რაც გულისხმობს, რომ ევროსასამართლო არ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას და იმ ზომებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იღებს სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების კუთხით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ დებულებების ინტერპრეტირება უბრალოდ არ შეიძლება, უბრალოდ არ არსებობს. წერია ის, რაც რეალურად გულისხმობს, რომ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, უზრუნველყოს სრულად უსაფრთხოება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის გადარჩენა.

რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, დროებით ღონისძიების ნორმებს ძალიან იშვიათად, გამონაკლის და განსაკუთრებით შემთხვევებში იღებს ხოლმე ევროსასამართლო. ამიტომ რეალურად, ძალიან მოკლე დროში მიიღო საერთაშორისო დამცველთა ჯგუფის მიერ ეს მოთხოვნა, განიხილა და შესაბამისად, დაადგინა დროებითი ღონისძიების ნორმები, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, ნუ აკეთებთ ინტერპრეტაციას, ყველამ ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო სასამართლოს ნორმების კითხვა. პირიქით, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული.

ევროსასამართლოს ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის, ყოველდღიურად მიაწოდონ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გატარებული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმების აღწერა. ეს არის ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ეს ნორმები არ იქნება მიწოდებული ყოველდღიურად და მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს საქართველოს ხელისუფლება, ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ ხელისუფლება არ იზიარებს და არის თანამონაწილე საერთაშორისო კონვენციის მუხლების დარღვევის, მათ შორის წამების, არაადამიანური მოპყრობის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. ორი ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიკაკაბაძე – სააკაშვილის ადვოკატები ითხოვდნენ, სააკაშვილი გადაყვანილი ყოფილიყო ქალაქის საავადმყოფოში, რაზეც სტრასბურგმა, ბუნებრივია, უარი თქვა
შემდეგი სტატიაწულუკიანი – სტრაზბურგის გადაწყვეტილება ორივე მხარემ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე სახელმწიფომ მოკლე ვადებში უნდა შეასრულოს