დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ თუ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას. ეს გარდაუვალი მარცხია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ წევრი, ხატია დეკანოიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ყველა მიმართულებით თუ ბოიკოტი იქნება, პარტიული სტრუქტურები დასუსტდება. ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ პარლამენტი და პროტესტი, ხალხთან ურთიერთობა ერთმანეთთან უკუკავშირში არ არის.

„პირველი დღიდან ვიყავი ბოიკოტის მომხრე. მჯერა, რომ ბოიკოტმა თავისი დიდი შედეგი მოიტანა ნიკას გამბედაობასთან ერთად. ნაწილი პარტიების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, სხვა რეალობა დადგა და ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას. ეს გარდაუვალი მარცხია;

საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს გულისხმობს „ქართული ოცნებისთვის” დამატებითი სივრცის მიცემას მანიპულაციებისთვის;

თუ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას (სხვა გზა პარტიისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება) პარლამენტიც უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის; თუ ყველა მიმართულებით ბოიკოტი იქნება, პარტიული სტრუქტურები დასუსტდება; პარლამენტი და პროტესტი, ხალხთან ურთიერთობა არავითარ უკუკავშირში არ არის ერთმანეთთან; ყველაზე მეტად ვისაც უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ დატოვება – „ქართული ოცნებაა“. ჩვენ გამოგვეცალა ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ყველაზე დიდი ბერკეტი. ახლა, თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის; კლეპტოკრატია, ოლიგარქია ყველანაირი მექანიზმით გებრძვის. შენც ყველგან უნდა დახვდე და პასუხი გასცე; საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდება სანქციებზე მუშაობა და პოლიტიკურ დევნაზე მათი მუდმივი ყურადღება; ოპოზიციის დასუსტება, მუდმივი კინკლაობა ნიშნავს რეჟიმის გაძლიერებას. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ცვლილება ვერ მოხდება, ისევე როგორც მთელი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარეშე გაგვიჭირდება გამარჯვება; ყველაზე ძვირფასის, ჩვენი ამომრჩევლის ჩართულობა ამ დისკუსიაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დისკუსია უნდა იყოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისთვის და არა ერთმანეთის დამუნათებისთვის. ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც დაამკვიდრა პროგრესი. გვაქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა კვლავ პროგრესის გზით წავიყვანოთ და გადაწყვეტილებებიც გამბედავი უნდა მივიღოთ, როგორც 2003-2012 წლებში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ელჩი – მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება ომის დანაშაულია
შემდეგი სტატია„ენკა“ – „ნამახვანჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის განუყოფელი ნაწილია