რიყის პარკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავს ეძღვნება.
აქციაზე, სადაც პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იმყოფებიან, შეკრებილებს სიტყვით ხატია დეკანოიძემ მიმართა. მან ყურადღება „ქართული ოცნების“ 14-წლიან მმართველობასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა:
„აქ ჩვენ ყველაზე უფრო სიმბოლურ დღეს ვდგავართ. 5 წელი გავიდა მიშას დაპატიმრებიდან და 14 წელი გავიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. ეს 14 წელი არის კორუფციის, სიღარიბის, სიღატაკის, პოლიციის გაუბედურების, განათლების სისტემის გაუბედურების და ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვანი იდეის [დანგრევის], რომელიც დავიწყეთ ჩვენ. მინდა ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ ძალიან ამაყი ვარ, ვიყავი ნაწილი იმ ძალიან დიდი რეფორმების, რომელიც იყო საქართველოში,“ — განაცხადა დეკანოიძემ.
პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის როლს საგარეო საფრთხეებთან ბრძოლაში და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პატიმრობა ქვეყნისთვის უდიდესი სირცხვილია:
„მიშას პატიმრობა არის ყველაზე დიდი სირცხვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ის არის ადამიანი, რომელიც პირველი იყო, ვინც პუტინს დაუპირისპირდა; ადამიანი, ვისი დაპატიმრებაც გაუხარდათ რუსებს, რომელთა გავლენის აგენტებიც დღეს გვყავს ხელისუფლებაში,“ — აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.








