დეკანოიძე: მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რა კითხვებს სვამს სადამკვირვებლო მისია არჩევნებთან დაკავშირებით

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ერთ კითხვას სვამს – როგორ შეასრულებს საქართველო ვალდებულებებს, რაშიც პირველი და უმნიშვნელოვანესია თავისუფალი მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი არჩევნების ჩატარება – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრისას.

ხატია დეკანოიძის თქმით, სწორედ ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პირველი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა საქართველოში და ძალიან სერიოზული წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა კითხვებს სვამს სადამკვირვებლო მისია. რა თქმა უნდა, ეს ეხება იმ 9 დათქმის შესრულებას, რომელშიც პირველი გათვალისწინებულია საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება – რას აკეთებს საქართველოს პარლამენტი და პირველ რიგში უმრავლესობა და ჩვენ? ამ შეკითხვაზე წარმოგვიდგება ის ცვლილებები, რომლებსაც თქვენ იღებთ საარჩევნო კოდექსში.

ასევე კითხვები შეეხება იმას, კანონის უზენაესობის კუთხით რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და უმრავლესობა პარლამენტში. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც დეკემბერში ევროკავშირის სამიტზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ როგორ შეასრულა საქართველომ ცხრა ნაბიჯი მოლაპარაკებების გასახსნელად, მაშინ, ასეთი „ბრტყელი სადღეგრძელოები“, რომლებსაც დღეს ვისმენთ, ვერ გვიშველის.

რეალურად, ჩვენ ყველა გვეკითხება ერთ რამეს – როგორ შეასრულებს საქართველო ვალდებულებებს, რომელ ვალდებულებებში პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის თავისუფალი მართლმსაჯულება, ეს დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი არჩევნების ჩატარება“, – ამბობს დეკანოიძე.
დეპუტატი ინტერესდება – რა გეგმით წავიდა ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში?

„მე მაინტერესებს, რა გეგმით წავიდა საქართველოს პრემიერი ბრიუსელში, რას ეუბნება ჩვენს პარტნიორებს თუნდაც იმ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, რომლებიც უნდა დაამტკიცონ. ან იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ ჩატარებულა, ან რას ვეუბნებით ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებით. ბატონი ირაკლი საუბრობდა ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე და მე მართლა მაინტერესებს, რა არის გადამწყვეტი ნიშანი, რითაც განასხვავებს წინა პრემიერ-მინისტრისგან.

მე ვფიქრობ, რომ რეალური გეგმა უნდა წარმოადგინოს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებამ, რას აპირებს 9 დათქმის მიმართულებით და რას გააკეთებს იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში“, – აცხადებს დეკანოიძე.

ინფორმაციისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი ნავალნისა და სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაკალაძე: არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს