დეკანოიძე: გორის ჰოსპიტალზე სააკაშვილის პოზიცია იყო, რომ გაიზიარებდა ექიმების რჩევებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ჰკითხა, რას ფიქრობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ ნაწილში გაიზიარებს ექიმების რეკომენდაციას.

“მე გულწრფელად არ ვიცი, ახლა რა პოზიცია აქვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, მისი მოსაზრებაც იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექიმები თვლიან, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის კარგი, შეესაბამება სტანდარტებს, იგი გაიზიარებს სახალხო დამცველის ექსპერტებისა და პირადი ექიმის რეკომენდაციებს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ როგორც ნევროპათოლოგმა თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი თავის ტვინის გადაღება MrT-თი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ. ეს არის ახლა ჩვენი ინფორმაცია”. – თქვა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატის თქმით, მან დაზუსტებით არ იცის, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს დღესვე მოხდება.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო დაწესებულებასთან აქციას არ გავმართავთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ის, რომ არავითარი პროვოკაცია იქ არ იყოს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და გვქონდეს ყველანაირი ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით”. – ამბობს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიბრეგაძე – მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი გორის ჰოსპიტალზე: დაველოდებით ექიმების დასკვნას